გეგმავს თუ არა აშშ, ამ ეტაპზე საქართველოში სამხედრო ბაზა მუდმივ საფუძველზე განათავსოს

11-05-2022 17:38:08 პოლიტიკა ,თავდაცვა

პენტაგონი საქართველოში სამხედრო ბაზის მუდმივ საფუძველზე განთავსებას ამ ეტაპზე არ გეგმავს. ამის შესახებ "აქცენტს" აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა, საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვიცე-პოლკოვნიკმა ანტონ სემელროთმა განუცხადა.

"თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოში სამხედრო ბაზის მუდმივ საფუძველზე განთავსებას ამ ეტაპზე არ გეგმავს. ჩვენ გავაგრძელებთ როტაციული ძალების შენარჩუნებას საქართველოში, რათა მხარი დავუჭიროთ უსაფრთხოების კუთხით ორმხრივ თანამშრომლობას "საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის" ფარგლებში. როტაციის ამასწინანდელი მაგალითია "აშშ–ის არმიის უსაფრთხოების ძალების დამხმარე მე-4 ბრიგადის" (SFAB) ნაწილის განთავსება საქართველოში“, – განაცხადა სემელროთმა.

რას გულისხმობს "საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა" (GDDEI)

საქართველოსა და აშშ–ს შორის GDDEI 2021 წლის 18 ოქტომბერს გაფორმდა. შესაბამის მემორანდუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა მოაწერეს ხელი. GDDEI–მ ჩაანაცვლა "საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის" პროგრამა, რომელსაც ვადა 2021 წლის დეკემბერში ამოეწურა.

GDDEI არის უსაფრთხოების სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას საერთო უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად. იგი შედგება ორი კომპონენტისგან: ერთი ყურადღებას გაამახვილებს ორგანიზაციულ ცვლილებაზე თავდაცვის სექტორში ინსტიტუციონალური შესაძლებლობების ჩამოყალიბების კუთხით; მეორე კომპონენტი, კი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას წვრთნებსა და კომბინირებულ სამხედრო ოპერაციებში ბრიგადების ჩართვით, რაც აუცილებელია ტერიტორიული თავდაცვისთვის.

GDDEI–ს თანახმად, "აშშ გააგრძელებს სამხედრო თანამშრომლობას, გემის ვიზიტებსა და ერთობლივ სამხედრო სწავლებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას თავდაცვის შესაძლებლობებისა და ნატოს ძალებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესების კუთხით".

რას გულისხმობს "უსაფრთხოების ძალების დამხმარე მე-4 ბრიგადა" (SFAB)

SFAB 2021 წლის შემოდგომაზე გადასროლილი იქნა ევროპაში აშშ–ის, ევროპისა და აფრიკის არმიების მხარდასაჭერად და რათა დახმარება გაუწიოს ამერიკის შეერთებული შტატების, მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძალებს ევროპაში.

SFAB საქართველოში 2021 წლის ოქტომბრიდან ექვსთვიანი როტაციით დაიწყო.

SFAB-ის ინიციატივა მოიცავს კონსულტაციებს, მხარდაჭერას და ალიანსის, მოკავშირეებისა და პარტნიორების სამხედრო შესაძლებლობების შეფასებას. აგრესიის შესაკავებლად და მტრების დასამარცხებლად მზაობისათვის SFAB პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ჩაატარებს სწავლებებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები