"სარკეში ჩაიხედონ"– ფინეთის პრეზიდენტი კრემლის მუქარას პასუხობს

12-05-2022 00:35:10 ევროპა

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ ფინეთის ნატო–ში გაწევრიანება საფრთხეს არ შეუქმნის რუსეთს და კრემლმა უნდა გაიგოს, რომ მათ თავად უბიძგეს ჰელსინკს მსგავსი გადაწყვეტილებისკენ ათწლეულის განმავლობაში ნეიტრალიტეტის შემდეგ.

"ჩვენ ვფიქრობთ, როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. თუ გვსურს, ვიზრუნოთ მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე, ეს ნიშნავს ჩვენი თავდაცვის მაქსიმალურ გაზრდას. ვერავის დააზარალებს, როდესაც ვინმეს თავის დაიცვა სურს. ამ საკითხში ყველაფერი მარტივია: ჩვენ საკუთარ უსაფრთხოებას ვამატებთ, მაგრამ არავის არაფერს არ ვართმევთ “, - განაცხადა პრეზიდენტმა ბრიტანეთის პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მან მკაფიო კომენტარი გააკეთა ფინეთის გადაწყვეტილებით კრემლის აღშფოთებასა და მუქარაზე:

”რუსეთი დიდი ხანის განმავლობაში ამბობდა, რომ ფინეთისა და შვედეთის არაბლოკური მსგომარეობა ხელს უწყობდა ბალტიის ზღვაში სტაბილურობას, თუმცა გასული წლის ბოლოს მათ განაცხადეს, რომ ფინეთი და შვედეთი ნატოში ვერ გაწევრიანდებიან და ამან შეცვალა სიტუაცია. ჩვენ და შვედეთი ბლოკში საკუთარი არჩევანის გამო არ ვიყავით. რუსეთის ფედერაციას კი ამ განცხადებებით იმის თქმას ცდილობდა, რომ თავად გადაწყვეტილების მიღება არ შეგვიძლია. ეს არის დიდი ცვლილება, რამაც დაგვაფიქრა", - განაცხადა პრეზიდენტმ და დასძინა, რომ 24 თებერვალმა საბოლოოდ შეცვალა სურათი, რადგან გაირკვა, რომ რუსეთს უბრალოდ შეეძლო მეზობელზე თავდასხმა:

"ამიტომ, თუ იკითხავთ, როგორ განიხილავს რუსეთი ფინეთის ნატო–ში შესვლას, თუ ეს მოხდა, მე გიპასუხებთ, რომ ამისკენ თავად გვიბიძგეს. დაე, სარკეში ჩაიხედონ".

ბრიტანეთმა ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, შვედეთთან და ფინეთთან ახალ სამხედრო შეთანხმებას მიაღწია.

შეთანხმების მიხედვით, დიდი ბრიტანეთი ვალდებულებას იღებს, შვედეთსა და ფინეთზე თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს დახმარება გაუწიოს.

ამასთან, შვედეთი და ფინეთი ნატო–ში წევრობაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავენ. ხოლო კრემლი შესაძლო შედეგებით იმუქრება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები