Accentnews.ge
ალასანია – სააკაშვილზე: "პოლონეთში მზად არიან, პრეზიდენტის თვითმფრინავი გამოგზავნონ, წაიყვანონ და უმკურნალონ"

ალასანია – სააკაშვილზე: "პოლონეთში მზად არიან, პრეზიდენტის თვითმფრინავი გამოგზავნონ, წაიყვანონ და უმკურნალონ"

13/05/2022 17:23:15 საზოგადოება

პოლონეთი მზად არის, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად თვითმფრინავი გამოყოს, შემდეგ კი მესამე პრეზიდენტის სათანადო მკურნალობის კურსი უზრუნველყოს,– ამის შესახებ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს პოლონეთის საელჩოში ვიზიტის შემდეგ განუცხადა.

"მზად არიან, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი გამოგზავნონ, ჩასვან და წაიყვანონ. ყველაფერზე მზად არიან, გამოცდილებაც აქვთ ასეთი ავადმყოფების მკურნალობის", - თქვა გიული ალასანიამ.

ალასანიას ეჭვი აქვს, რომ სააკაშვილს საპატიმროში დაბრუნებას სამიოდ დღეში უპირებენ:

"აქ მოსვლამდე ვიყავი პოლონეთის საელჩოში და რაღაც მარტივი სცენარი დაიხატა ჩემთვის: კი გადმოიყვანეს ამ კლინიკაში, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ეს არის დროებითი ღონისძიება. სამ დღეში ჩვენი პრემიერი მიბრძანდება ბრიუსელში, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ საავადმყოფოში მისი გადმოყვანა მოჩვენებითია, ეს ბრიუსელისთვის გაკეთდა. ვფიქრობ, რომ ბრიუსელის მერე, აპირებენ ისევ ციხეში უკან დაბრუნებას, სადაც უსათუოდ მოკვდება, თუ მანამდე არ მოხდა“.

კლინიკაში იმყოფებოდა მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.

„გვქონდა შეხვედრა მთავარ ექიმთან, გვქონდა შეხვედრა ასევე მკურნალ ექიმებთან და რამდენიმე განყოფილების გამგესთან. გავიარეთ მკურნალობის კურსი, როგორ მკურნალობენ ახლა პრეზიდენტს. ასევე დავსახეთ გეგმა შემდეგი ტესტირების, როდის და რა უნდა გაკეთდეს.

დეტალურად ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რა წამლებს აძლევენ, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ოპტიმალური მკურნალობა მიმდინარეობს. ორშაბათს გვაქვს დაგეგმილი შემდეგი შეხვედრა, სადაც გავივლით ანალიზის პასუხებს და შევხედავთ, როგორ მიდის მკურნალობა“, - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

სააკაშვილის პირედი ექიმის თქმით, ანალიზების აღებას და დიაგნოსტიკის პროცესს 4-5 დღე დასჭირდება.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის ექიმებმა აპრილის ბოლოს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადეს, რომ ანორექსიის და დეპრესიის გამო, მისი მდგომარეობა გაუარესებულია და საჭიროა დროული და კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ჯგუფის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, მხარდამჭერებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაიწყეს აქციები საზღვარგარეთ სამკურნალოდ მისი გადაყვანის მოთხოვნით.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განმარტებით, კანონმდებლობა არ იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას.

10 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა. იმავე დღეს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, თუმცა, იმ პირობებით, რომ მასთან მუდმივად უშვებდნენ ოჯახის წევრებს, პირად ექიმს, ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიულ ექსპერტებს ცენტრ "ემპათიიდან"; ასევე სამუშაო საათებში მასთან შესვლის უფლება ჰქონდეთ ადვოკატებს და პარლამენტის წევრებს. პირობებს შორის იყო ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ჩატარებულ ყველა გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და მკურნალობის შემდეგი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების განსაზღვრაში მონაწილეობა პარიტეტული შემადგენლობით ხდებოდეს, "ემპათიის" ჩართულობით და თანხმობის შემთხვევაში, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრების მონაწილეობით.

11 მაისს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, დათქმების გარეშე ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისთვის შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით. იმავე დღეს, საპატიმროში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მედიას უთხრა, რომ ასეთ დროს არავითარ ვაჭრობას თუ წინაპირობებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს და მთავარია, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედში” დროულად გადაიყვანონ.

თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მდებარე​ მრავალპროფილური​ კლინიკა „ვივამედი“ ერთ-ერთი სამედიცინო კლინიკაა, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე, პატიმარი პაციენტები გადაჰყავს სამკურნალოდ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S