
ნიკა გვარამიას ადვოკატი: "დღეს ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების მიერ გაკეთებული არჩევანი რუსეთი სასარგებლოდ"
16/05/2022 07:05:20 სამართალი, საზოგადოება
"დემოკრატიულ ქვეყნებში კრიტიკული მედიის დირექტორებს არ დევნიან, დღეს ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების მიერ გაკეთებული არჩევანი რუსეთი სასარგებლოდ", – ასე აფასებს "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი გვარამიასთვის პატიმრობის მისჯას.
მისი თქმით, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და სამართლებრივ შეფასებას აზრი არ აქვს.
"სამართლებრივ შეფასებას აზრი არ აქვს ახლა და არც მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას. ერთადერთი რამის თქმა მინდა საზოგადოებისთვის, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირში წარდგენილი განაცხადი და ინტეგრაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კითხვაზე რა პასუხი გასცა საქართველოს ხელისუფლებამ, მწარედ ცდება. სინამდვილეში დღეს ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების მიერ გაკეთებული არჩევანი რუსეთი სასარგებლოდ, ჩვენმა კოლაბორაციონისტულმა ხელისუფლებამ აირჩია რუსეთის მხარე იმ გლობალურ ბრძოლაში, რაც ახლა მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ. დემოკრატიულ, დასავლურ სახელმწიფოებში კრიტიკული მედიის საშუალების დირექტორებს არ იჭერენ და არ დევნიან განსხვავებული აზრის გამო. ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქეს უნდა აწუხებდეს ეს ამბავი. საქმე არ არის იმაში ვინმეს მოსწონს თუ არა ნიკა გვარამია, ფაქტი ერთია: ხელისუფლებისთვის მიუღებელი ყველა პირი ამ ქვეყანაში იდევნება. დღეს ამას დაესვა ბეჭედი", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ნიკა გვარამიას გათავისუფლება იქნება პოლიტიკური გათავისუფლება, როგორც მისი დაჭერა, თუმცა ფორმალურად ისინი მაინც აპირებენ, გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში დღეს გამოტანილი გადაწყვეტილება:
"რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში, მისი გათავისუფლებაც ბუნებრივია პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. თითქოს რაღაც ნაწილში გაიზიარა და ვიღაცები გაამართლა, რეალურად ამ საქმის არსი იყო გვარამიას წინააღმდეგ დევნის წარმოება, ეს ვითომ შუალედური გადაწყვეტილება სხვა ბრალდებულებთან მიმართებაში უბრალოდ საცირკო წარმოდგენის დადგმა იყო და მეტი არაფერი. ჩვენ სამართლებრივად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. სააპელაციოში არ გვაქვს მოლოდინი, რომ მიუკერძოებელი ან დამოუკიდებელი გადაწყვეტილება დაგვხვდება, როგორც ლაშა ჩხიკვაძეს დღეს არ ეყო არანაირი ღირსება და გააჟღერა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე იქნება ზედა ინსტანციებშიც, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა".
ცნობისთვის: ნიკა გვარამიას 3 წელითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.