
საია: "გვარამიას განაჩენი სამართლებრივად პრობლემურია, არსებობს საეჭვო გარემოებები"
16/05/2022 09:42:13 სამართალი, საზოგადოება
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აცხადებს, რომ სამართლებრივად ტგელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას განაჩენი პრობლემურია, ასევე, არსებობს საეჭვო გარემოებები მართლმსაჯულების განხორციელებასთან მიმართებით.
"საია მონიტორინგს უწევდა სისხლის სამართლის პროცესებს და მიგვაჩნია, რომ გამოტანილი განაჩენი პრობლემურია როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე არსებობს საეჭვო გარემოებები მართლმსაჯულების განხორციელებასთან მიმართებით. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორის და წილის მფლობელის მიმართ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება სერიოზულ ზიანს მიაყენებს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელს, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს გამძაფრებას", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, ორგანიზაციამ გაავრცელა კიდევ ერთი განცხადება და აღნიშნა, რომ "ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია".
ცნობისთვის: დღეს სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო რიგ ბრალდებებში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გვარამია სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.