Accentnews.ge
ქიბარ ხალვაშს "ფინანსური ზიანის" ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი შეაქვს

ქიბარ ხალვაშს "ფინანსური ზიანის" ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი შეაქვს

16/05/2022 11:17:23 სამართალი, საზოგადოება

რუსთავი 2-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ფინანსური ზიანის" ანაზღაურების მოთხოვნით სამოქალაქო სარჩელს შეიტანს.

იგი მოითხოვს, "დამნაშავეებმა სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი".

"დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება, რომ კომპანია ინტერმედიასთან გარიგების დადების გზით, რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით, რუსთავი 2-ს განზრახ 6,7 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა.

აღნიშნული ზიანი ახლაც მძიმე ტვირთად აწევს რუსთავი 2-ს, რომელიც ქართული და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებით, 2019 წელს კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. რუსთავი 2-ისთვის ზიანის მიყენების მოტივი გახლდათ ის გარემოება, რომ ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელებისა და გენერალური დირექტორის საფუძვლიანი ვარაუდით, რუსთავი 2 კანონიერ მფლობელს უსათუოდ დამიბრუნდებოდა.

მათ თავად იცოდნენ, რომ ტელეკომპანიის შენარჩუნების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, რაც საბოლოოდ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ტელეკომპანიისთვის ზიანის მიყენება გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. ეს ნიშნავს, რომ ნიკა გვარამიამ ბოროტად ისარგებლა სტრასბურგის სასამართლოს მიერ შეფარდებული დროებითი ზომით, მისი გამოყენებით ტელეკომპანიას დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართ უდიერი დამოკიდებულების მკაფიო გამოვლინებაა.

მოვუწოდებ დამნაშავეებს, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი. ამ მიზნით, სისხლის სამართლის განაჩენის საფუძველზე, დაუყოვნებლივ წარვადგენ სამოქალაქო სარჩელს სასამართლოში", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: დღეს სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო რიგ ბრალდებებში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გვარამია სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S