Amnesty International – გვარამიაზე: "განაჩენი პოლიტიკური მოტივით განსხვავებული ხმის ჩახშობაა"

17-05-2022 23:34:53 საზოგადოება

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში Amnesty International-ის დირექტორი მარი სტრუტერსი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას უწოდებს და ამბობს, რომ გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

"ნიკა გვარამიას განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის უხეში ქმედება მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ. მას ახლა გისოსებს მიღმა წლების გატარება ემუქრება, რადგან მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას განსხვავებული ხმების ჩასახშობად. ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

Amnesty International-ი ღრმად შეშფოთებულია ამ საქმის უკან პოლიტიკური მოტივებით, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას ემსახურება. ორგანიზაცია შეშფოთებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობდა ბრალის წარსადგენად საკმარისი დანაშაული, რაც დაადასტურეს საერთაშორისო გამჭვირვალობამ და საქართველოს სახალხო დამცველმა, რომლებიც აკვირდებოდნენ სასამართლო პროცესს. საქმე ამ საკითხების გადასაჭრელად საჩივრდება.

ნიკა გვარამიას დამნაშავედ ცნობა გამოკვეთს მზარდ შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლების დაქვეითებასთან დაკავშირებით და ავლენს ხელისუფლების მზარდ გავლენას სასამართლოებზე რიგ საქმეებზე, რომელთა მიზანი მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების შეკავებას". – თქვა სტრუტერსმა.

ცნობისთვის: 16 მაისს სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის 2019 წლის ზაფხულში წარდგენილი ბრალი ეხება პერიოდს, როცა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.

მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მოსამართლე ჩხიკვაძემ გვარამიასთვის კიდევ ერთი, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით(მითვისება, ან გაფლანგვა) წაყენებული ბრალი დააკვალიფიცირა 220-ე მუხლით და ამ ნაწილში სასჯელად განუსაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ჯარიმის გადახდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები