დღეს თბილისში მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება

18-05-2022 10:08:53 საზოგადოება

დღეს თბილისში 19:00სთ–ზე მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.

მედიის სოლიდარობის მარში მედიასაშუალებების მიერ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 16 მაისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია დააკავეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით „ქართულმა ოცნებამ“ ერთდროულად გათელა ფეხქვეშ ადამიანის უფლებები, სასამართლო, სიტყვის თავისუფლება და ქვეყნის ევროპული მომავალი.

„დღეს, როცა გახსნილია შესაძლებლობის ფანჯარა, კრიტიკული მედიის მფლობელის დაპატიმრება არის უკან დახევა ათწლეულობით ნაბრძოლი და ნაშრომი ევროინტეგრაციის შესაძლებლობისგან და დაბრუნება რუსეთში, საიდან თავის დაღწევასაც საქართველოს პატრიოტთა არაერთი თაობის წარმომადგენელთა სიცოცხლე შეეწირა და ეწირება ახლაც. კრიტიკული მედია დღეს ერთადერთია, რაც საქართველოს რუსეთისგან განასხვავებს და ახლა მედიას სოლიდარობა სჭირდება. 18 მაისს, 19:00-ზე, მედიის სოლიდარობის მარში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება. გელით ყველას, ვისთვისაც მიუღებელია რუსეთში დაბრუნება და გსურთ მოიპოვოთ თავისუფლება“, – აცხადებენ მარშის ორგანიზატორები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები