მედია – რა მოთხოვნები აქვს თურქეთს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ

18-05-2022 13:55:40 მსოფლიო

თურქეთს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ, რამდენიმე მოთხოვნა აქვს, – იუწყება Bloomberg სამ თურქ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

როგორც თურქი მაღალჩინოსნები აცხადებენ, ერთ–ერთი მოთხოვნა უკავშირდება "ქურთისტანის მუშათა პარტიას" (PKK).

"ანკარას მოთხოვნის თანახმად, შვედეთმა და ფინეთმა საჯაროდ არა მხოლოდ PKK, არამედ მისი ფილიალებიც უნდა დაგმონ. "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ტერორისტულ ორგანიზაციად დასახელება საკმარისი არ არის, კერძოდ, ფინეთმა და შვედეთმა მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ პასუხი გასცენ PKK-ის მომხრეებს, რომლებიც ამ ქვეყნებში აქტიურობენ", – აცხადებენ თურქი მაღალჩინოსნები.

მათივე თქმით, ანკარას კიდევ ერთი მოთხოვნა იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნაა:

"თურქეთს მოითხოვს, რომ შვედეთმა და ფინეთმა შეწყვიტონ იარაღის ექსპორტზე შეზღუდვები, რომლებიც მათ თურქეთს 2019 წელს დაუწესეს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის იარაღით ვაჭრობა ფინეთ–შვედეთან უმნიშვნელოა, ანკარა არ დაუჭერს მხარს ალიანსის გაფართოებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც იარაღის გარიგებებს ბლოკავენ".

გამოცემის თანახმად, გარდა ამისა, თურქეთს F-35-ის პროგრამაში დაბრუნება სურს, საიდანაც ის რუსული S-400–ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების შეძენის შემდეგ გარიცხეს.

ასევე, ანკარას სურს, აშშ–სგან შეიძინოს ათობით F-16–ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი და განახლებული კომპლექტები მისი ფლოტისთვის.

გამოცემის თანახმად, ამასთან, თურქეთის სურვილია, მოიხსნას ის შეზღუდვები, რომელიც ანკარას S-400–ების შეძენის გამო დაუწესდა.

ცნობისთვის: დღეს ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადები წარადგინეს.

ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კრემლში ფინეთ–შვედეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.

აღსანიშნავია, რომ NATO–ს გაფართოებას ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. თურქეთი ამ დრომდე აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის NATO–ში გაწევრიანებას. მიზეზად ანკარა ხსენებული ქვეყნების მიერ "ტერორისტების მხარდაჭერას" ასახელებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები