გაერო - უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 3 752 რიგითი მოქალაქე, მათ შორის 250 ბავშვი დაიღუპა

18-05-2022 16:19:31

გაერო -ს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 3 752 რიგითი მოქალაქე, მათ შორის 250 ბავშვი დაიღუპა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები ზუსტი არ არის და მსხვერპლთა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია.

კერძოდ, გაერო არ ფლობს სრულ ინფორმაციას მსხვერპლთა შესახებ მარიუპოლიდან, იზიუმიდან და პოპასნაიადან. მარიუპოლის მერის მონაცემებით, ქალაქში სულ მცირე 20 ათასი ადამიანია დაღუპული.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები