
ზურაბიშვილი - გაერო-ში: „ახალმა კონფლიქტებმა სხვა კონფლიქტები არ უნდა დაგვავიწყოს“
25/09/2019 16:22:49 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართელოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველოს ტერიტორიულ პრობლემებზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე ისაუბრა.
ზურაბიშვილმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ქვეყნის პრიორიტეტი მშვიდობაა.
„ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა და ეს არის პასუხი 2008 წლის ომზე, რომელიც დასრულდა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციით. საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე ხდება პროვოკაციები, ინციდენტები, გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია, რომელიც ჩვენს მოქალაქებს თავისუფალი ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. აფხაზეთსა და ცხინვალში ჩვენი მოქალაქეების უფლებები ირღვევა, არ აქვთ განათლების მიღების საშუალება, დახურულია საზღვარი, რაც ჰუმანიტარული დახმარების საშუალებას არ იძლევა. მინდა, დავიცვა აფხაზების იდენტობა, ენა. ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რომ დავიცვათ კულტურული მრავალფეროვნება, უზრუნველვყოთ, მოქალაქეებმა საკუთარ ენაზე ისაუბრონ“.
ზურაბიშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში საქართველოს პასუხია, შენარჩუნდეს მშვიდობა და ჩაერთოს სამშვოდობო პროგრამებში.
ამასთან, პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, რომ ახალმა კონფლიქტებმა ძველი არ უნდა დააწყვიტოთ და საკითხის გადაწყვეტისთვის მოქმედებაა საჭირო.
„როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციისა და კონფლიქტის დასრულებაზე, ასევე უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ გვჭირდება დიპლომატია. ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, თუმცა უარი არ გვითქვამს დიპლომატიასა და მოლაპარაკებაზე. ჩვენ ასევე არ შევეგუებით სტატუს-ქვოს, თუმცა ამის გაკეთებას მხოლოდ ჩვენ ვერ შევძლებთ. მსოფლიოს და ჩვენ ამ რეგიონში მდგრადი მშვიდობა გვჭირდება. უნდა დაიწყოს დისკუსია საკითხებზე, რაც ამ პრობ ლემებს მოაგვარებს. ახალი ფორმატები, ნებისმიერი ახალი ინიციატივა, ფორმალური, თუ არაფორმალური იქნება ასევე მისასალმებელი, რომელიც მშვიდობის დამყარებას მოემსახურება. ეს ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია. არ უნდა დავუშვათ, რომ ახალმა კონფლიქტებმა სხვა კონფლიქტები დაგვავიწყოს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.