
რაზე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა
26/09/2019 06:01:06 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ვადიმ პრისტაიკოსთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა დაადასტურეს.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და არსებულ უსაფრთხოების გარემოს. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა და მზაობა ხელი შეუწყონ საერთო პრობლემის გარშემო საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და უკრაინის აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე არსებულ აქტიურ კონტაქტებს და ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. ასევე დადებითად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობა, მათ შორის სუამის მინისტერიალი, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება.
მხარეებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს და უკრაინის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეულ წარმატებას, ასევე გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშავონ შემდგომი ინტეგრაციული მიზნებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეეხო თუ არა საუბარი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხს, რომელიც ამჟამად მხოლოდ უკრაინის მოქალაქეა და რომელზეც საქართველოს ძებნა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით აქვს გამოცხადებული, ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი.