
"როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბესელიას ქმედებას სამართლებრივ მსვლელობას მივცემ"
26/09/2019 15:45:51 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გეგმავს, დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მიმართ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სამართლებრივი მსვლელობა მისცეს.
„ასეთი რაღაც რომ შემთხვეოდა, დეპუტატის მანდატს დავტოვებდი. ეს ჩემთვის მორალური დილემა იქნებოდა. მორალურად საქართველოს სახელით მანდატის მქონე დეპუტატი ვერ ვიქნებოდი, რომელიც ასეთ ნაბიჯს გადავდგამდი, თუნდაც, ფსიქოლოგიურად და ემოციურად აღელვებული ვყოფილიყავი. მორალური ზღვარი არსებობს, როცა ადამიანი ამ ზღვარს გადის, შეფასებები ძნელია და ამას საზოგადოება განსჯის. ადამიანის მიმართ რა ემოციებიც არ უნდა გქონდეს, კატეგორიულად მიუღებელია, პარლამენტის წევრი კოლეგას ფიზიკურად შეეხო. ეს არის მძიმე ფაქტი და კონსულტაციები მექნება, რომ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ, რათა ამ ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება მიეცეს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ამ საკითხს სამართლებრივად მსვლელობას მივცემ, რათა ასეთი ფაქტები სამომავლოდ არ განმეორდეს. ამ ყველაფერს საზოგადოება თვალს ადევნებს და დეპუტატი საზოგადოებას როგორ მაგალითს აძლევ, როცა ასე უპასუხისმგებლოდ იქცევი და ფიზიკურად ეხები კოლეგას, ეს კონკრეტული ადამიანის მიმართ ბევრ რამეზე მოქმედებს“, – აცხადებს ოხანაშვილი.
ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატ ეკა ბესელისა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაირისპირება მოხდა.