
"ჩვენ გვაქვს პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში"
27/09/2019 10:49:33 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოქმედ ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში "პრაგმატული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა" აქვს.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შუამდგომლობით და მათთან შეთანხმებით საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს. ჩვენ გვაქვს პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, ოკუპაციასთან მიმართებაში, არ დავუშვებთ, რომ რაიმე პროვოკაციაში იყოს ჩათრეული, არ დავუშვებთ, რომ რაიმე ემოციური გადაწყვეტილებით შეცდომა იყოს დაშვებული საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის პოლიტიკის პროცესში. როგორც ხედავთ, ჩვენ 2012 წლიდან დღემდე შევძელით, რომ საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. მაქსიმალურად ვეცდებით, ეს ასე იყოს მომავალშიც“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის: ნიუ–იორკში, სადაც გაეროს გენასამბლეის რიგით 74–ე სესია მიმდინარეობს, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები გაიმართა. საგულისხმოა, რომ ეს ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების პირველი კონტაქტი იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ.