
"უკვე არის პირველი ნიშანი, რომ ჩვენი პარტნიორები მხოლოდ სხვა კონფლიქტზე არ საუბრობენ და საქართველო ბრუნდება ამ დღის წესრიგში"
28/09/2019 06:24:35 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გაეროს გენასამბლეის 74–ე სესიის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა არაერთი განცხადება გააკეთეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, "რაც იმის ნიშანია, რომ მხოლოდ სხვა კონფლიქტზე არ საუბრობენ და საქართველო ბრუნდება ამ დღის წესრიგში".
„იყო ძალიან ბევრი ორმხრივი შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ორ მთავარ თემას. ნათელია, რომ ჩვენი პრიორიტეტი იყო კონფლიქტების თემა, რადგან გაერო-ს გენერალურ მდივანთან და ჩვენს ყველა პარტნიორთან შეხვედრის დროს მთავარი არის, რომ საქართველოს საკითხი, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხები დავაბრუნოთ დღის წესრიგში, რათა არ იყოს იმის მცდელობა, რომ უფრო ახალმა კონფლიქტმა გააქროს და დაავიწყებინოს ის, რაც არის ჩვენი მთავარი ტკივილი. ამას ვამბობ კიდევ უფრო დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს.
ჩვენთვის რაც არის ყოველდღიური ტკივილი, უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების მიერ კარგად გაგებული, რამეთუ მცდელობები არ შეწყდეს, რომ მივაღწიოთ ამ კონფლიქტების გადაწყვეტას, მივაღწიოთ იმას, რომ უფრო ჩართული იყვნენ ჩვენი პარტნიორები; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შეძლოს, მთელი თავისი მანდატის შესატყვისად იყოს განლაგებული მთელ ტერიტორიაზე და არა მხოლოდ საოკუპაციო ხაზზე. ეს არის ერთ-ერთი ჩვენი ძირითადი მოთხოვნა. მეორე არის, ჟენევის ფორმატი დაუბრუნდეს თავის პირველად ფორმატს, რომელიც იყო მაღალი პოლიტიკური დონის ან სხვა ფორმატს, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ დონეზე იყოს განხილული ეს საკითხები, ოკუპირებული ტერიტორიები და არა, როგორც რაღაც ტექნიკურ დონეზე, რაც რეალურად არაფერს წყვეტს და არის მხოლოდ რაღაც განმეორებითი შეხვედრების ადგილი.
ეს ყველაფერი მე მგონი ნელ-ნელა კიდევ უფრო კარგად არის გაგებული ჩვენი პარტნიორების მიერ. ჩვენი ორმხრივი შეხვედრების მერე არაერთი განცხადება გაკეთდა საქართველოს და კონფლიქტების შესახებ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს არის უკვე პირველი ნიშანი იმისა, რომ მხოლოდ სხვა კონფლიქტზე არ საუბრობენ, მხოლოდ უკრაინაზე არ საუბრობენ და საქართველო ბრუნდება ამ დღის წესრიგში“, – განაცხადა , "პირველი არხის" ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.