Accentnews.ge
ბოკერია – ხანგოშვილის საქმეზე: "გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობა სრულად არ თანამშრომლობს გამოძიებასთან"

ბოკერია – ხანგოშვილის საქმეზე: "გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობა სრულად არ თანამშრომლობს გამოძიებასთან"

30/09/2019 09:11:39 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი

"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერია ს განცხადებით, პარტიას სანდო წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით "საქართველოს მთავრობა სრულად არ თანამშრომლობს გამოძიებასთან". 

დეპუტატის თქმით, "ევროპული საქართველო" მთავრობისგან პოზიციის გამოხატვასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას მოითხოვს. 

"ჩვენ, როგორც მინიმუმ, უნდა მოვისმინოთ განცხადება იმაზე, რომ თანამშრომლობენ. ესეც კი არ უთქვამთ, არათუ არ დაუგმიათ ეს ფაქტი. ყველასთვის ნათელია, რომ ბუნებრივია, ჯერ გამოძიება დასრულებული არ არის, მაგრამ კვლელობაში ეჭვმიტანილი არის დაკავებული, ის არის რუსეთის მოქალაქე, არის ზღვა მასალა, რომელიც პრაქტიკულად ადასტურებს, რომ სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული იყო ეს", – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის: Bellingcat–ის, The Insider–ის, Spiegel Online–ისა და Dossier Center–ის ერთობლივ გამოძიებაში მოყვანილია ახალი მონაცემები რუსეთის იმ  მოქალაქის ვინაობის შესახებ, რომელიც ბერლინში საქართველოს მოქალაქე ჩეჩენი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამ მკვლელობას კრიმინალური ნიადაგი არ აქვს და დაგეგმილ ოპერაციას წარმოადგენდა, – ნათქვამია ერთობლივი გამოძიების მასალებში, რომლის შედეგები მედიამ დღეს გამოაქვეყნა.  

როგორც გამოძიების მონაწილეები ირწმუნებიან, მათ „დამაჯერებელი ჩვენებები“ მიიღეს იმის შესახებ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი „ვადიმ სოკოლოვი“ ბერლინში „სხვისი გვარ–სახელით, რუსეთის სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით იყო ჩასული და ამ უკანასკნელმა ფიქტიური ვინაობის სრულფასოვანი ლეგენდა შექმნა“.


ამასთან, გამოძიების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ჯერ კიდევ დგინდება.

Spiegel Online–ის პუბლიკაციაში მოყვანილია „ვადიმ სოკოლოვის“ ანკეტის ფოტოასლიც, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელმა 49 წლის ასაკში რუსეთის გადასახადების გადამხდელის ინდივიდუალური ნომერი მხოლოდ 2019 წლის ივლისში მიიღო, ხოლო მისამართზე, რომელზეც ვითომდა „სოკოლოვი“ ცხოვრობს, ამ გვარ–სახელის ადამიანს არავინ იცნობს. გარდა ამისა, მოხსენების ავტორების მტკიცებით, „სოკოლოვის“ სამუშაო ადგილის  – შპს „რუსტის“ ტელეფონი, საიდანაც ინფორმაცია შენგენის ვიზის მისაღებად დოკუმენტების პაკეტში იყო მიწოდებული, სრულად ემთხვევა იმ კომპანიის სატელეფონო ნომერს, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედებს.

ამასთან, მოხსენების ავტორები გამორიცხავენ ბოლო დღეებში გამოთქმულ ვარაუდს რომ „სოკოლოვი„ და რუსეთის მილიციის ყოფილი თანამშრომელი, მაიორი ვლადიმირ სტეპანოვი, რომელსაც სამშობლოში მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–გასაღებისთვის 24–წლიანი სასჯელი ჰქონდა მისჯილი ერთი და იგივე პირია. მათი განმარტებით, ერთობლივი გამოძიების წყარომ დაადასტურა, რომ 2019 წლის სექტემბრის შუა რიცხვებისთვის სტეპანოვი ისევ იხდიდა სასჯელს. 

ერთობლივი გამოძიების მასალების მიხედვით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოსკოვიდან ჯერ პარიზში ჩავიდა, შემდეგ – ვარშავაში, სადაც 5 დღის განმავლობაში სასტუმროში ცხოვრობდა და ამ პერიოდში ბერლინში იყო ჩასული, რაც მათი აზრით, ბერლინის ოპერაციის შემდეგ ვარშავაში დაბრუნების განზრახვაზე მეტყველებს.

რუსეთი მკვლელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. ამასთან პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამ დანაშაულთან „ოფიციალური რუსეთის“ ყველა სახის კავშირი ჟურნალისტების გამოძიების შედეგების გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე გამორიცხა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S