
რაჭის ტყეების საქმეზე გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს
10/06/2022 08:59:12 სამართალი, საზოგადოება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, „მწვანე ალტერნატივამ“ და ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს. ორივე ორგანიზაცია სამინისტროსგან რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებული ბიზნესმენისთვის, დავით ხიდაშელისთვის, რაჭასა და ქვემო სვანეთში, 104 712 ჰექტარი ტყის 49 წლით გადაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და „ინვესტორთან“ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს.
„მწვანე ალტერნატივა“ და „მთის ამბები“ სამინისტროსგან სამი თვეა, ითხოვენ ამ მასალებს, მაგრამ სამინისტრო უარს ამბობს საჯარო ინფორმაციის გადაცემაზე. უწყებამ არც „მწვანე ალტერნატივის“ და არც „მთის ამბების“ ადმინისტრაციული საჩივრები არ განიხილა.
ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება „მწვანე ალტერნატივამ” 5 მაისსაც გამოაქვეყნა. 2022 წლის 14 მარტს „მწვანე ალტერნატივამ” მიმართა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ლიცენზიის გაყიდვისათვის აუქციონის გამართვისა და ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებების და ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
2022 წლის 19 აპრილს მივიღეთ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის დროებით ფუნქციების შემსრულებელის თეიმურაზ მთივლიშვილის წერილი, სადაც ბატონი თეიმურაზი აუქციონის გამართვის პროცესის და გაცემული ლიცენზიის პირობებით გათვალისწინებული სიკეთეების შესახებ მოგვითხრობდა.
წერილით არ გადმოგვეცა არცერთი ჩვენს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი. ამიტომ 2022 წლის 29 აპრილს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა გარემოს ეროვნული სააგენტოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს”, – ნათქვამია განცხადებაში.
26 აპრილს ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა დაადასტურა, რომ რაჭაში 1,047კმ² ტყის მასივი 49-წლიანი იჯარით სწორედ მან აიღო:
„ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია ჩემს წინააღმდეგ, რომლის მიზანია ჩემი სახელის დისკრედიტაცია, ამიტომ მსურს, დავასრულო სპეკულაციები და გავაკეთო განმარტება. რაც შეეხება ინფორმაციას რაჭაში სანადირო მეურნეობასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ მე ვფლობ რამდენიმე სანადირო მეურნეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით - აფრიკასა და ევროპაში. დიდი სურვილი მქონდა, რომ საქართველოსაც ჰქონდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სანადირო მეურნეობა. 4 წლის განმავლობაში მივმართავდი საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საქართველოში არსებობს 20-მდე სანადირო მეურნეობა და არცერთი არ არის მიმართული მოსახლეობისა და ტურისტების სარგებლობისთვის. გარდა ამისა, საქართველოში ცხოველთა გარკვეული ჯიშები განადგურებულია და მქონდა სურვილი აღმედგინა. შესაბამისი სპეციალისტებისგან მივიღე რეკომენდაცია, რომ რაჭა იყო ის ტერიტორია, სადაც ცხოველთა ჯიშების ბუნებრივი წესით აღდგენა მოხდებოდა".
დავით ხიდაშელი რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის AFK Sistema-ს ერთ-ერთი შვილობილი კომპანია Intracom-ის დირექტორია.
ხიდაშელმა მარტში გამართულ აუქციონზე “რიყის დოქები” 10 მილიონ ლარად შეისყიდა.