ხუხაშვილი: „როცა გავიგე, ვინ გახდა ივანიშვილის სანქცირების "ლობისტი", დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ორმა ირაკლიმ „შეახოცა“ ხელი ბიძინას“
10/06/2022 17:19:53 პოლიტიკა
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, რომელიც თავის დროზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი გახლდათ, ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერის დაფიქსირების ლობისტი იყო ევროპული ძალა, რომელსაც კომუნიკაცია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან ჰქონდათ.
ხუხაშვილი არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ეს არაა შიდა ძალა – არც ერთი ქართული პარტია, მათ შორის, არც ენმ.
„როცა გავიგე, ვინ გახდა ინიციატორი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ორმა ირაკლიმ [კობახიძემ და ღარიბაშვილმა], რომლებმაც რეზოლუციის შესახებ იცოდნენ, ხელი ბიძინას „შეახოცეს“ – წაუყენეს პრეტენზიები, „რას აკეთებთ? არაფერს გამოასწორებთ?“ ამათ უთხრეს, „ჩვენ რა ვქნათ, ბიძინა გვაძალებს“. ამის შემდეგ ჩააწერინეს რეზოლუციაში [ივანიშვილის სანქცირების შესახებ მოთხოვნა]. ამათ „გაუჩალიჩეს [...]
იყო ძალა, რომელსაც ჰქონდა კომუნიკაცია მხოლოდ ხელისუფლების უმაღლეს პირებთან“,– განაცხადა ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.
9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლებისადმი მწვავე კრიტიკას შეიცავს, მათ შორის, საუბარია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებაზე.
თავდაპირველად ივანიშვილის სანქცირებაზე საუბარი იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციაში. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმებულ ტექსტიდან ეს პუნქტი ამოიღეს, მაგრამ მოგვიანებით შესწორების სახით კვლავ დაემატა და საბოლოოდ, პროექტს ევროპარლამენტართა უმეტესობამ დაუჭირა მხარი.
იხილეთ ასევე: რისი იმედი აქვს სახელისუფლებო გუნდს


