მოსკოვს კვლავ თბილისის ლუგარის ლაბორატორია გაახსენდა

13-06-2022 17:47:57 პოლიტიკა

რუსეთის ხელისუფლებას კვლავ თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის "სასიკვდილო საფრთხე" გაახსენდა. ამ საკითხზე ТАСС-თან ინტერვიუში ამჯერად რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ისაუბრა და ლუგარის სახელობის ცენტრი «პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობას" დაუკავშირა.

მოსკოვში კვლავ ირწმუნებიან, რომ საქართველოში «ტარდება კვლევები მწერების, როგორც განსაკუთრებით საშიში ბიოაგენტებისა და ინფექციების გამომწვევების თაობაზე». ამასთანავე, ზახაროვას მტკიცებით, ლუგარის ცენტრში "მუდმივ საფუძველზე მოქმედებს აშშ-საქართველოს სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევების სამმართველო».

«რუსეთის ოფიციალურ პირებს, მათ შორის საგარეო უწყების წარმომადგენლებს და საზოგადო მოღვაწეებს, ასევე ქართველ ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არაერთგზის აღუნიშნავთ, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს ბადებს აშშ-ის მიერ აკრძალული ბიოლოგიური და ტოქსინური იარაღის ამკრძალავი კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. განცხადებები, თითქოს პენტაგონისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების აქტივობები ფოკუსირებულია მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის საკითხებზე, არ შეესაბამება სინამდვილეს" - კვლავ აგრძელებს რუსეთსა და საქართველოში კრემლის უკვე კარგად ცნობილ სადეზინფორმაციო პროპაგანდისტულ ხაზს ზახაროვა.

ცნობისთვის: 2011 წელს თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის ამოქმედების დღიდან რუსულ მედიაში აქტიურად მუსირებს დეზინფორმაცია ხსენებულ ცენტრში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის, ასევე საშიში ვირუსების შტამების შექმნის შესახებ. ანალოგიური ბრალდებები გამოითქმის მედიის კვალდაკვალ რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან.

2018 წლის ბოლოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოწვევით ლაბორატორია მოინახულეს მსოფლიოს 17 ქვეყნის ექსპერტებმა, რომელთა დასკვნაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ ლუგარის სახელობის ცენტრი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით მოქმედებს.

უკრაინაში შეჭრის დღიდან მოსკოვმა ლუგარის ცენტრის საწინააღმდეგო სადეზინფორმაციო კამპანიის ახალი ტალღა ააგორა. რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების სარდალმა იგორ კირილოვმა ამასწინათ განაცხადა, რომ "შეიმჩნევა საქართველოდან რუსეთისკენ, ევროპისა და ჩინეთისკენ კოღოების იმ სახეობების არეალის გადანაცვლება, რომლებიც ადრე მხოლოდ სამხრეთ ქვეყნებში ბინადრობდნენ".

მიმდინარე წლის 8 მარტს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა თანამეგობრობამ ფეისბუქში პუბლიკაცია გამოაქვეყნა და კრემლის მედიასაშუალებებს "დეზინფორმაციასა და ზიზღზე დაფუძნებული სიცრუის პროპაგანდირების შეწყვეტა" მოსთხოვა.

ლაბორატორიების რეალური საქმიანობა

სინამდვილეში, საქართველოსა და უკრაინაში არსებული ლაბორატორიები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება. ლაბორატორიების საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. აღნიშნული ლაბორატორიების ერთ-ერთი მიზანია, დაადგინოს ეპიდაფეთქებების წარმომავლობა - ბუნებრივი გავრცელებაა თუ ბიოტერორიზმის შედეგი.

როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ბიოლოგიური ლაბორატორიები „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ არსებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნული შეთანხმება კი, თავის მხრივ, ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების (NPT) ფარგლებში დაიდო.

როგორც საქართველო, ასევე უკრაინა პირნათლად ასრულებენ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მე-7 გადასახედი კონფერენციის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოების მიერ შემუშავდა გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების მექანიზმი, რომელიც გვევლინება ტრანსპარენტულობის ერთადერთ ინსტრუმენტად.

კრემლის მიერ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიის საპასუხოდ, 2018 წელს, თბილისის თხოვნით, საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი ეწვია, რომელშიც 17 ქვეყნის 22 ექსპერტი და დამკვირვებელი შედიოდა. თბილისმა რუსი ექსპერტებიც მოიწვია, თუმცა მოსკოვმა შემოთავაზება „კატეგორიულად უარყო“, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით. ვიზიტი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხის დადგენას მიეძღვნა. მისიის ანგარიშის თანახმად, ექსპერტებმა ცენტრის ყველა ობიექტი მოინახულეს და აღნიშნეს, რომ „ლაბორატორია თავის საქმიანობებში მნიშვნელოვან გამჭვირვალობას ავლენს. ვიზიტით მყოფმა ჯგუფმა ვერაფერი გამოავლინა, რაც შეუსაბამო იქნებოდა პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან მიზნებთან“. ამასთან, „ყველა დათვალიერებული აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდა იმ პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან კვლევით და დიაგნოსტიკურ მიზნებს, რაც ცენტრს აქვს გაცხადებული“- ვკითხულობთ ანგარიშში.იმავე წლის 4-7 დეკემბერს, გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.

ყალბი მტკიცებები

დეზინფორმაცია #1: უკრაინასა და საქართველოში საიდუმლო ლაბორატორიებია, რომელთა არსებობა ამერიკის სენატშიც აღიარეს

მტკიცება, რომ უკრაინასა და საქართველოში ბიოლოგიური ლაბორატორიები საიდუმლოდ ფუნქციონირებდა, ყალბია. საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობა 2004 წელს აშშ-ქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულებისა და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობს“. ანალოგიური ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე 2005 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორისაც გაფორმდა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიები და კვლევითი ცენტრები აშენდა. ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროსა და უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის განახლდა მრავალი ლაბორატორია და მიიღწა ბიოუსაფრთხოების მე-2 დონე. 2019 წელს ამ პროგრამის ფარგლებში უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის ორი ლაბორატორია აშენდა - ერთი კიევში, ერთიც - ოდესაში.

დოკუმენტები საიდუმლო არასდროს ყოფილა და ისინი დადების დღიდან საზოგადოებისთვის საჯაროა:

როგორც უკვე აღინიშნა, ლაბორატორიები არა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ დაფინანსებული საიდუმლო ბიოლაბორატორიების არსებობა აღიარეს, რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე მუშაობენ, ყალბია. აღნიშნული დეზინფორმაცია 2022 წლის 8 მარტს აშშ-ის სენატში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის, მოსმენას მოჰყვა, რა დროსაც სენატორმა მარკო რუბიომ დაუსვა კითხვა: „აქვს თუ არა უკრაინას ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღი?“

პასუხად ვიქტორია ნულანდს არ დაუდასტურებია, რომ უკრაინაში ბიოლაბორატორიები არსებობს, სადაც ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან. სინამდვილეში, ნულანდმა აღნიშნა, რომ „უკრაინას აქვს ბიოლოგიური კვლევითი დაწესებულებები“, რაც საიდუმლო არასდროს ყოფილა. აღნიშნული დაწესებულებები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება. ნულანდმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდებები შესაძლოა რუსეთმა თავისი მომავალი ქმედებების - უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის გამოყენების, საბაბად გამოიყენოს და ამაში ბრალი უკრაინას დასდოს. ვრცლად ნულანდის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

დეზინფორმაცია #2: უკრაინასა და საქართველოში არსებულ ბიოლაბორატორიებს ამერიკელები აკონტროლებენ

უკრაინაში ლაბორატორიები აშშ-ის მხარდაჭერით შეიქმნა, თუმცა მტკიცება, რომ მათ ამერიკელები აკონტროლებენ, ყალბია.

2005 წლიდან შეერთებული შტატები ხელს უწყობს უკრაინის ლაბორატორიების მოდერნიზებას, კვლევების ჩატარებასა და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. თანამშრომლობის მთელი პერიოდის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 46 ლაბორატორიისა და სამედიცინო დაწესებულების განვითარებისთვის 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია გაიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა მხარს უჭერს არაერთ გაერთიანებულ კვლევით პროექტებს აშშ-სა და უკრაინის მეცნიერებს შორის, ლაბორატორიები სრულად უკრაინის დაქვემდებარებაშია. აღნიშნული პროგრამის ამჟამინდელი აღმასრულებლები არიან ჯანდაცვის სამინისტრო, უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახური, აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და თავდაცვის სამინისტრო.

ანალოგიურად, ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. სტრუქტურულად, ლუგარის ცენტრი წარმოადგენს დავადებათა ცენტრის ქვედანაყოფს და შედის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუციებში. ცენტრის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ კვლევას თუ საქმიანობას ახორციელებენ შესაბამისი ექსპერტები მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური უწყებების კოორდინაციით. ცენტრის ამოცანების დასახვაში ამერიკელ პარტნიორებს არანაირი როლი და ფუნქცია არ გააჩნიათ. მათ რამე სახის დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების საშუალება არ აქვთ.

დეზინფორმაცია #3: უკრაინასა და საქართველოში არსებულ ბიოლაბორატორიებში საშიშ პათოგენებს, ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან

როგორც უკვე აღინიშნა, მტკიცება, რომ საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ბიოლაბორატორიებში საშიშ პათოგენებს, ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან, ყალბია. რუსეთს არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ ბრალდებას დაადასტურებდა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრალდებას აშკარა ტყუილი უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში თავისი „საზარელი ქმედებების“ გასამართლებლად ამგვარ ცრუ საბაბებს იყენებს.

ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის პროექტები, რომლებზეც ამჟამად უკრაინელი და ამერიკელი მეცნიერები ერთობლივად მუშაობენ არის შემდეგი:

- „ფრინველის გრიპის ზოგიერთი განსაკუთრებით საშიში პათოგენის გავრცელების რისკების შეფასება, რომელიც უკრაინაში პოტენციურად გადამფრენი ფრინველებით ვრცელდება“

- „ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ვირუსისა და ჰანტავირუსების გავრცელების კვლევა უკრაინაში, ისევე როგორც ლეპტოსპიროზის მქონე პაციენტების დიფერენციალური დიაგნოზის პოტენციური საჭიროება"

- "ღორის აფრიკული ჭირის ვირუსის (ASFV) გავრცელება შინაურ ღორებსა და გარეულ ღორებს შორის უკრაინაში - აყალიბებს შესაძლებლობებს, შესწავლილ იქნას, თუ როგორ გადაეცემა აღნიშნული ვირუსი“

- "ღორის აფრიკული ჭირის ვირუსის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა და რეგიონალური რისკის შეფასება: საველე კვლევა"

ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღზე მუშაობისა და კორონავირუსის შექმნის ბრალდებებს საქართველოს სახელისუფლებო უწყებები არაერთხელ გამოეხმაურნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები მიზანმიმართულად გაააქტიურა და პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი ლაბორატორიას - რიჩარდ ლუგარის ცენტრს.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში.

ბოლო წლებში ლუგარის ცენტრში მიმდინარე პროგრამების არასრული ჩამონათვალია:

- საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში არადიფერენცირებული მწვავე ფებრილური დაავადებების გამომწვევთა დახასიათება

- ნოროვირუსის (NoV) და ენტოროტოქსიგენური ნაწლავის ჩხირის (ETEC) პრევალენტობის განსაზღვრა აშშ-ს მოქალაქეებში, საქართველოში და ETEC-ის იზოლატების ანტიმიკრობული რეზისტენტობის განსაზღვრა.

- მწვავე რესპირატორული ინფექციების (ARI) გამომწვევების შესწავლა ქართულ კონტიგენტში.

- აივ ინფიცირების ინციდენტობის შეფასების ზუსტი და პრაქტიკული ბიოლოგიური ინსტრუმენტების განსაზღვრა, საქართველოში ახლად დიაგნოზირებულ 1/2/ აივ შემთხვევებთან მიმართებაში.

- საქართველოში არსებული კოღოების (ინვაზიური კოღოების ჩათვლით), ქვიშის რწყილებისა და ტკიპების იდენტიფიცირება და მათი გავრცელების არეალის დადგენა

უკრაინასა და საქართველოში არსებული ლაბორატორიები კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში - ეპიდზედამხედველობაში, კონტაქტების გამოკვლევაში, ლაბორატორიულ დიაგნოსტირებაში, კოორდინაციაში საკვანძო როლს ასრულებდნენენ.

დეზინფორმაცია #4: „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებისთანავე გაიცა საშიშ პათოგენების განადგურების ბრძანება, რათა უკრაინაში აშშ-ის საიდუმლო საქმიანობა არ გამჟღავნებულიყო

რუსეთმა გამოაქვეყნა ფოტომასალა, რომლითაც ამტკიცებს, რომ უკრაინამ ბიოლაბორატორიებში არსებული პათოგენები გაანადგურა, რათა მათი საიდუმლო საქმიანობა არ გამჟღავნებულიყო. სინამდვილეში, მათ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის ვერიფიცირება შეუძლებელია, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, მტკიცება, რომ ეს დანაშაულის დასაფარად გააკეთეს, ყალბია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) BBC News-ს განუცხადა, რომ მან უკრაინას ურჩია მაღალი საფრთხის შემცველი პათოგენები გაენადგურებინა, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიებში ინახება. აღნიშნულის მიზანია, თავიდან იქნას აცილებული „ნებისმიერი პოტენციური გაჟონვა“, რომელიც მოსახლეობაში დაავადების გავრცელებას გამოიწვევს. ჯანმო-მ ასევე განაცხადა, რომ ის უკრაინის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიებთან რამდენიმე წლის განმავლობაში ბიოუსაფრთხოების გასაძლიერებლად და „პათოგენების შემთხვევითი ან განზრახ გავრცელების“ თავიდან ასაცილებლად თანამშრომლობდა.

ჯანმო-ს არ უთქვამს, თუ როდის იყო გაცემული რეკომენდაცია და შესრულდა თუ არა ის. თუმცა, აშშ-მა განაცხადა, რომ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსეთის შეჭრის შემდეგ გასცა ბრძანება "ნიმუშების უსაფრთხო განკარგვის“ შესახებ. აღნიშნული ქმედების მიზანია, თავიდან აიცილონ პათოგენების გავრცელება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თავს დაესხა ლაბორატორიებს. საფრთხე კი რეალური გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებს და კვლევით დაწესებულებებს.

ამრიგად, რუსეთის უსაფუძვლო მტკიცებები უკრაინულ ლაბორატორიებში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესახებ არაფრით დასტურდება. წლების განმავლობაში კრემლი მხოლოდ სიტყვიერი ბრალდებებით და ყალბი დოკუმენტების გავრცელებით შემოიფარგლება. ბიოლაბორატორიების საქმიანობა სრულად თანხვედრაშია ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის კონვენციებთან. ლაბორატორიებში შენახული პათოგენები უბრალოდ ბაქტერიები და ვირუსებია, რომლებიც მხოლოდ კვლევის ობიექტია და არა ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელი კომპონენტები.

2022 წლის 18 მარტს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის ბრალდებებს აბსურდული (nonsense) უწოდეს. განიარაღების საკითხთა ხელმძღვანელმა, იზუმი ნაკამიცუმ, განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, რომ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის რაიმე პროგრამა არსებობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები