
შსს განმარტავს, რატომ არ შემოუშვეს შინაპატიმრობიდან გაქცეულ რუსი ბლოგერი საქართველოში
16/06/2022 13:02:40 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რატომ არ შემოუშვეს შინაპატიმრობიდან გაქცეულ რუსი ბლოგერი ინსა ლანდერი საქართველოში.
"რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაშია ბრალდებული,საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა", - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 12 ივნისს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან საქართველოს საზღვარზე შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოგუზ ინსა (OGUZ INSA), რაც დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის მიერ მის პასპორტში გაკეთებული შტამპით.
„აღნიშნულ პიროვნებას „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, ვინაიდან იგი იძლეოდა აშკარად ცრუ და ურთერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ, რაზეც შედგა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. მეორე დღეს, 13 ივნისს, აღნიშნული მოქალაქე კვლავ გამოცხადდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და მოითხოვა საერთაშორისო დაცვა. მისი განმარტებით, ის ბრალდებულია რუსეთის ფედერაციაში ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო და სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს შინაპატიმრობა საქმის არსებით განხილვამდე. მისივე განმარტებით, მან დაარღვია შინაპატიმრობის წესები, მოიხსნა ე.წ. „სამაჯური“ და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ აპირებდა საქართველოში შემოსვლას. აღსანიშნავია, რომ მასობრივი ინფორმაციის წყაროებიდან ნამდვილად იკვეთება, რომ აღნიშნული პიროვნება არის ბრალდებული ისეთ მძიმე საერთაშორისო დანაშულში, როგორიც არის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საკითხი თანხვედრაში უნდა იყოს საზღვრის კვეთის შესაბამის მოთხოვნებთან. თუკი პირი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, მათ შორის, თუკი პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს ან თუ პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ასეთ პირს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით. „ლტოლვილთა შესახებ კონვენციის“ (1951 წელი) 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სრულ თანხვედრაშია ამ კონვენციის დებულებებთან, სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას შეზღუდოს უცხოელის ქვეყანაში შესვლა, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას“,- ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე რუსი უფლებადამცველი ეგორ კუროპტევი აცხადებდა, რომ რუსეთის მოქალაქეს, ყაბარდო-ბალყარელ ბლოგერ ინსა ლანდერს, რომლის წინააღმდეგაც რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, საქართველოში არ უშვებდნენ.
ინსა ლანდერი (მისი სრული სახელია ოგუზ ინსა სოლთან-ხამიდოვა) ბალყარეთის ქალაქ ბაქსანში ცხოვრობს. 2021 წლის 9 დეკემბერს მას შინაპატირმობა შეუფარდეს ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით. რუსული უფლებადაცვითი ორგანიზაციის OVD-Info ცნობით, ლანდერის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა უკავშირდება მის ჟურნალისტურ აქვიტობას, კერძოდ, იგი ბოლო თვეების განმავლობაში სწავლობდა უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელს, კერძოდ, საქველმოქმედო ფონდიდან თანხების გაფლანგვას.