ღარიბაშვილს NATO–ში გერმანიის გაწევრიანების მაგალითი საქართველოს კონტექსტში არალერევანტულად მიაჩნია

22-06-2022 20:02:53 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ნატო–ში წევრობის გზაზე ერთ–ერთი დამაბრკოლებელი გარემოება ოკუპაციაა. ამით მან ფაქტობრივად გაიმეორა ორი დღის წინ საერთაშორისო ფორუმზე გაკეთებული განცხადება: „არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსაზრებაო“. სწორედ ამ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსული დეზინფორმაციის გაგრძელებად შეაფასეს კრიტიკოსებმა, დაუსვეს კითხვა ღარიბაშვილს პარლამენტში, სადაც ის მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარსდგა.

ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ თანმიმდევრულად მიჰყვება სამოქმედო გეგმას და ნატო–ს „შენიშვნა არ აქვს“.

იხილეთ ასევე: კოლომინა:"საქართველოში რეფორმების კუთხით პროცესი 1.5 წელია შეჩერდა, NATO შეშფოთებულია"

„რუსეთმა განათავსა 2 ბაზა აფხაზეთში და ოსეთში, ცხინვალის რეგიონში... რუსეთის მხრიდან მოხდა, რა თქმა უნდა, უკანონოდ აღიარება ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიების... ამან საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში პროცესი, რომელიც უკავშირდება ნატოში ინტეგრაციას - ამ ეტაპზე, ამ მოცემულ მომენტში...

რაც შეეხება ნატო–ს წევრობას, ჩვენი დიდი ოცნებაა, რომ რა თქმა უნდა, ერთიანი, ძლიერი საქართველო გახდეს ნატო–ს სრულუფლებიანი წევრი. რა ვერ გაიგეთ ჩემს ნათქვამში? მე ვთქვი, რომ პრობლემაა, ბარიერი ნამდვილად არის, ეს თავად ჩვენს ნატოელ და ევროპელ კოლეგებს პირადად უთქვამთ, რომ ვერ გახდება ქვეყანა ნატო–ს წევრი. გასაგებია გერმანიის მაგალითი (ამასწინათ თქვეს) მაგრამ გერმანიას რომ ... სხვა რეალობა იყო, დღეს სხვა რეალობაა. დღეს რა მოცემულობაცაა, ეს არ არის ჩემი ინტერპრეტაცია, ეს არის მათი პირდაპირი ნათქვამი, რომ სანამ გაქვთ მიმდინარე კონფლიქტი რუსეთთან, ოკუპაცია, ეს არის ერთ–ერთი ბარიერი. ეს ბარიერი და მემკვიდრეობა თქვენ [ენმ–მ – რედ.] დაგვახვედრეთ“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ღარიბაშვილმა, ისე რომ კონკრეტული გვარი არ დაუსახელებია, განაცხადა, თითქოს ნატო–ში საქართველოს რეგიონების გარეშე შესვლაზეა საუბარი. რეალურად, საუბარია საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებაზე იმ პირობით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ნატო–ს წესდების მეხუთე მუხლი, რომელიც კოლექტიურ უსაფრთხოებას გულისხმობს, ტერიტორიული მთლიანობის სამშვიდობო გზით აღდგენამდე მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება. სწორედ ზემოხსენებულ დეზინფორმაციას იყენებენ პრორუსული ჯგუფები საზოგადოებაში ხსენებული იდეის დისკრედიტაციის მიზნით.

„რუსეთი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის მომხდენი. გუშინ ვიღაცეებმა თქვეს, „ნატო–ში უნდა შევიდეთ ჩვენი ტერიტორიების გარეშეო“. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამხელა რისკებს უქმნიან ქვეყანას? თითქოს ამათი მოტანილია ეს ტერიტორიები, თითქოს მათია. ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვესმის ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები [სავარაუდოდ, იგულისხმება ცხინვალის რუსეთთან მიერთების თაობაზე „რეფერენდუმზე“ საუბარი – რედ] და კარგია, რომ ეს განიმარტა, სიცხადე შემოვიდა. რეფერენდუმთან დაკავშირებული განცხადებები, ანექსიასთან, მიერთებასთან ... ამ დროს, ეს ადამიანები იძახიან (ვიღაცეები, არ მახსოვს გვარები, ალბათ მოისმინეთ), თითქოს რაღაც აღმოაჩინეს ჩემი ნათქვამიდან. მეგობრებო, ასე უდიერად რომ ეპყრობოდი ჩვენს ტერიტორიებს, გაფლანგეთ, გაანიავეთ და ჩააბარეთ ტერიტორიები და დააბრუნეთ რუსული ჯარი, ამიტომ ხართ ოპოზიციის რიგებში და იქნებით მუდამ“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ასევე თქვა: „თქვენ თუ გინდათ, რომ ილუზიაში იცხოვროთ და ხალხს ატყუოთ, ხალხს ვერ მოატყუებთ, ვეღარ მოატყუებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დღეს ხელისუფლებაში... ვეღარ მოატყუებთ ქართველ ხალს, MAP-ის [ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - რედ.] მოცემა რომ აზეიმეთ წინასწარ და მერე ვიხილეთ იმედგაცრუება, სასტიკი იმედგაცრუება... დაიწყო ომი შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

პრემიერმა თქვა ისიც, რომ ნატოს გენერალური მდივნის მიწვევით გაემგზავრება ესპანეთში, ივნისის ბოლოსთვის დაგეგმილ მადრიდის სამიტზე.ნატოს სამიტისთვის გამიზნული გზავნილებითა და მოლოდინებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატი, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაიაც დაინტერსდა. თუმცა, პრემიერ-მინისტრის პასუხიდან ირკვევა, რომ საქართველო არ აპირებს რაიმეს მოთხოვნას, ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით:

„ჩვენ ველით იმას, რომ სათანადოდ იქნება ასახული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენს ჯარს აქვს, ჩვენს ქვეყანას აქვს სამხედრო თვალსაზრისით, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ზოგადად - თავსებადობის თვალსაზრისით...

ჩვენი ქვეყანა დღეს აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი ჯარი იყოს უკეთ მომზადებული, რომ ნატოსთან თავსებადობა გაიზარდოს, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის ძალები, გავატაროთ სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც გასატარებელი იყო, განვახორციელეთ ჯარში და ასე შემდეგ... ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამორჩეული ასპირანტი ქვეყანა“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

იხილეთ ასევე:

„მსგავსი რამ არსად წერია“ – რატომაა პრობლემური NATO–ზე ღარიბაშვილის განცხადება

"პარტნიორები ხშირად გვეუბნებიან, 2016 წლის შემდეგ, NATO–ში გაწევრიანების შესახებ მოთხოვნას საქართველოდან არავინ გვიყენებსო"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები