
ევროსასამართლომ 5 ივლისის ძალადობაზე "სირცხვილიას" საჩივარი წარმოებაში მიიღო
22/06/2022 19:14:36 საზოგადოება
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ წარდგენილი საჩივარი, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების მიერ "სირცხცილიას" ოფისზე თავდასხმასა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას ეხება. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათზე სასტიკი თავდასხმა ორგანიზებული იყო, სახელმწიფომ კი 5 ივლისის ძალადობის თავიდან ასარიდებლად საკმარისი ძალისხმევა არ გასწია.
სტრასბურგის სასამართლოში საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო „სირცხვილიას“ წევრების: სალომე ნიკოლეიშვილის (ბარკერი), ზურაბ ბერძენიშვილის, გიორგი მაქარაშვილისა და მარიამ დოლიძის ინტერესებს დაიცავს.
საჩივარში მთავარი აქცენტი გაკეთებულია 5 ივლისს მომხდარი ძალადობის აღსაკვეთად სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, დანაშაულის არაეფექტიან გამოძიებასა და პროკურატურის მიერ მსხვერპლთა დაზარალებულად არ ცნობაზე.
მოსარჩელეები სტრასბურგის სასამართლოს სთხოვენ, დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-8, მე-10, მე-11, მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევა.
5 ივლისს მოძალადე, პრორუსული ჯგუფების ორგანიზებული თავდასხმების შედეგად თბილისში 50-ზე მეტმა ჟურნალისტმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო, მათ შორის, მძიმე ხარისხის.
გამოძიებას 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე არ გამოუვლენია, დააკავეს მხოლოდ რიგი მოძალადეები.