პენიტენციური: "მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით შეუზღუდავად სარგებლობს"

23-06-2022 00:17:29 საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეუზღუდავად სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით. ასე პასუხობს პენიტენციური სამსახური ცნობას იმის შესახებ, რომ "ვივამედში" პაციენტთან მამა არ შეუშვეს.

როგორც პენიტენციური სამსახური განმარტავს, დღეის მდგომარეობით, სააკაშვილთან 935 ვიზიტორი იმყოფებოდა.

„მიმდინარე წლის 22 ივნისს კლინიკა „ვივა-მედში“ მივიდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი და მოითხოვა მსჯავრდებულთან შესვლა. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მას განუმარტეს, რომ მსჯავრდებულის მოსანახულებლად აუცილებელია წერილობით მიმართვა.

კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიმართვის შემდეგ, ნიკოლოზ სააკაშვილი შეძლებს მსჯავრდებულ სააკაშვილის მონახულებას.

საზოგადოების სათანადო ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ, რომ მსჯავრდებული შეუზღუდავად სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით, რისი ნათელი მაგალითია ისიც, რომ დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულ სააკაშვილთან იმყოფებოდა 935 ვიზიტორი.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე მიხეილ სააკაშვილის ძმამ – დავით სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მამამისი ვაჟთან არ შეუშვეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები