Accentnews.ge
შოთა არველაძე ბიბლიოთეკების იმ პროექტს დააფინანსებს, რომელიც კულტურის სამინისტრომ შეაჩერა

შოთა არველაძე ბიბლიოთეკების იმ პროექტს დააფინანსებს, რომელიც კულტურის სამინისტრომ შეაჩერა

23/06/2022 13:33:56 საზოგადოება

ფეხბურთელი შოთა არველაძე აცხადებს, რომ ერთვება ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსების იმ პროექტში, რომელიც კულტურის სამინისტრომ შეაჩერა. ამის შესაბენ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„სინანულით უნდა ვთქვა, რომ ხშირად გვიჭირს ჩვენი ყურადღების იმ ქალაქებისა და სოფლებისთვის დათმობა, სადაც უამრავი ნიჭიერი მოზარდი ელემენტარული საჭიროებების გარეშე ცხოვრობს. ამის ფონზე, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოში არსებული 64 ბიბლიოთეკა დარჩეს ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამის გარეშე, როგორიცაა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია. ამ პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, 64 ქალაქის ბიბლიოთეკა სრულიად ახალი წიგნებით მარაგდება. არ ვისაუბრებ დეტალებზე და არც იმაზე, რა მიზეზით შეჩერდა ეს პროექტი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა: არცერთი მოზარდი და რეგიონში მცხოვრები ადამიანი არ უნდა დარჩეს განახლებული ლიტერატურის და საჭირო წიგნის გარეშე. რთულ პირობებში ცხოვრების პარალელურად, წიგნი შეიძლება ერთ-ერთ იშვიათ შესაძლებლობად ჩავთვალოთ, რაც ცხოვრებას უფრო ხალისიანს, საინტერესოს და იმედით სავსეს ხდის", – აცხადებს შოთა არველაძე.

იგი განმარტავს, რატომ ერთვება ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსების პროექტში:

"ჩემს ჩართულობას აქვს ორი მიზანი: გადარჩენა და წახალისება – გადარჩენა უმნიშვნელოვანესი პროექტის და წახალისება მკითხველისა და ახალი თაობის, რათა მეტი მოტივაციით გააგრძელონ სწავლა და შემეცნება. მადლობა შესაძლებლობისთვის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას. იმედი მაქვს, პროექტში აქტივობების სახით არაერთი სპორტსმენი, მწერალი და მოზარდებისთვის საყვარელი ავტორი ჩაერთვება".

28 მაისს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გვანცა ჯობავამ განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი თქვა იმ ერთადერთ პროექტზეც, რომელიც წელიწადში ერთხელ საქართველოს 65 მთავარ ბიბლიოთეკას დაახლოებით 900-900 ლარის ღირებულების სრულიად ახალი წიგნებით ამარაგებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S