
"ჩვენ შევთავაზეთ ევროპული პერსპექტივა უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ეს არის ძლიერი სიგნალი რუსეთის მიმართულებით მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში"
23/06/2022 19:24:36 პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანის ლიდერის ემანუელ მაკრონის განცხადებით, "უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზება ძლიერი სიგნალია რუსეთის მიმართულებით მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში".
"ჩვენ ვალი გვაქვს უკრაინელების წინაშე, ისინი იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ჩვენ ასევე ვალში ვიყავით მოლდოვის წინაშე მისი პოლიტიკური მდგომარეობის, დესტაბილიზაციის მცდელობებისა და გულუხვობის გამო, რომელიც მან გამოიჩინა იმ კონტექსტში, რომელიც ახლახან აღვნიშნეთ“, - განაცხადა მაკრონმა.
როგორც მან აღნიშნა, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი უკვე მიენიჭა, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, როდესაც დააკმაყოფილებს იმ პრიორიტეტებს, რომელიც განსაზღვრა ევროკომისიამ.
ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
ცნობისთვის: 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.
იხილეთ ასევე: რას კარგავს საქართველო კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით.