"სირცხვილია": "ქართველი ხალხი პრინციპულად დაიცავს ევროპულ არჩევანს, ვიცით რა ეღობება ამას წინ"

24-06-2022 00:15:33 პოლიტიკა ,საზოგადოება

მოძრაობა "სირცხვილია" ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველო საკუთარ ევროპულ არჩევანს და მომავალს დაიცავს.

მოძრაობა მოქალაქეებს მოუწოდებს ხვალ პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

"სირცხვილიას" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო უკრაინელებო და მოლდოველებო, დღეს თქვენთვის, ჩვენთვის და ევროპისთვის ისტორიული დღეა. ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე დავიწყეთ ევროპის კავშირისკენ სწრაფვა, დღევანდელ დღემდე მოსასვლელი გზა გრძელი და სირთულეებით აღსავსე იყო. თუმცა დღეს თქვენ ახალი ევროპის დღის წესრიგს ცვლით, თამამად მიაბიჯებთ უფრო ახლოს ევროპის კავშირთან. ჩვენ ენით აუწერლად გვიხარია თქვენი წარმატება და ვართ ამაყები, რომ დღეს თქვენ ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი მოგენიჭათ.

მადლობელი ვართ ამ რთულ გზაზე თქვენი მხარდაჭერისთვისა და თანამშრომლობისთვის.

მადლობელი ვართ ყველა ევროპის კავშირის ინსტიტუტის ლიდერის, რომელმაც დაუღალავი შრომა ჩადო საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ ინტეგრაციაში გადადგმულ ნაბიჯებში.

ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ უპირობო მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი. გვსურს დაგიბრუნოთ მადლობა და ხაზგასმით გავიმეოროთ, რომ ქართველი ხალხი პრინციპულად დაიცავს ევროპულ არჩევანს და მომავალს. ჩვენ ვიცით რა ეღობება მას წინ, ეს ევროპულმა კომისიამაც ხაზგასმით ჩაგვიწერა რეკომენდაციაში — საქართველოში უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და ზედმიწევნით შესრულდეს ევროპული კომისიის პუნქტები.

ქართველი ხალხის არჩევანი არის ურყევი, ერთიანი და პრინციპული.

საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, გახდება ევროკავშირის წევრი.

გელოდებით ხვალ, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ"

ცნობისთვის: ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები