Accentnews.ge
გიგიაძე: „საქართველო ამ ეტაპზე სრულ იზოლაციაში იმყოფება!“

გიგიაძე: „საქართველო ამ ეტაპზე სრულ იზოლაციაში იმყოფება!“

24/06/2022 10:59:21 კომენტარი

პერსპექტივის აღიარება ცუდი ნამდვილად არ არის, ამ უნიკალური შესაძლებლობის, არსებული „ფანჯრის“ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღება შეგვეძლო, ეს ყველაზე მცირეა – 100–ბალიანი შკალიდან მხოლოდ ერთი,– ასე ეხმიანება დიპლომატი, EPRC-ს უფროსი მკვლევარი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიგი გიგიაძე „აქცენტთან“ საქართველოსთან მიმართებაში ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას.

ინფორმაციისთვის: ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

როგორც გიგიაძე განმარტავს, ის, რაც 23 ივნისს მოხდა, არის ძალიან არასასურველი დინამიკა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებით თვალსაზრისით:

„საქართველო ჩამოშორდა „ასოცირებული ტრიოს“ ჯგუფს (უკრაინას და მოლდოვას) – მისი საკითხი, როგორც კანდიდატის, არ იყო განხილვის დღის წესრიგში. ჩვენ მოგვეცა ჯერ წინაპირობები და პირობა, რომ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში მივიღებთ კანდიდატობას. მაშინ, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ პირიქით – ჯერ კანდიდატობა მიიღეს და შემდეგ წინაპირობები. საქართველოს ახლა მოუწევს „ასოცირებული ტრიოს“ მიღმა ყოფნა და ქვეყნის წინაშეა დაყენებული 12 მოთხოვნის შესრულება, თუმცა გაუგებარია, ეს ამ ხელისუფლების პირობებში როგორ მოხდება. საქართველო ასევე კარგავს ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას წინ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რადგან კანდიდატ ქვეყნებს ეხსნებათ შესაძლებლობა, დაიწყონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ანუ, მას შემდეგ, რაც უკრაინა და მოლდოვა დაასრულებენ მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას (და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან სწრაფად მოხდება), ვიანიდან ისინი კანდიდატები არიან, მათ ევროკავშირთან მოლაპარაკების შესაძლებლობა გაეხსნებათ. ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვექნება, ვიდრე არ მივიღებ კანდიდატის სტატუსს. ამდენად, ჩვენ ნამდვილად ძალიან არასასურველი დინამიკა ვიხილეთ“.

რაც შეეხება ევროკომისიის მიერ ნახსენებ ვადას, რომ წლის ბოლოსთვის შეფასდება მის მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესრულების ხარისხი, გიგიაძე განმარტავს, რომ საქართველოს ამისთვის ნაკლები დრო რჩება, ვიდრე ექვსი თვეა:

„ეს ნიშნავს, რომ არა ექვს თვეში, უფრო ნაკლებ დროში (2–3 თვეში) უნდა დავასრულოთ ყველაფერი [რეფორმა – რედ.]. ევროკომისია ამ ექვს თვეში შეაფასებს ხარისხს და დადებით დასკვნას დადებს იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები ცალმხრივად თავადაც დაადასტურებენ, რომ საქართველომ მართლა გადადგა ნაბიჯები. თუ ამ ექვს თვეში ვერ ჩავეტიეთ, ვადა გადაიწევს 2023 წლის ბოლომდე და ა.შ. – გადამოწმების ვადა შესაძლოა, უვადოდ დაიკისროს ევროკომისიამ, ვიდრე პირობები არ დაკმაყოფილდება“.

გიგიაძე ფიქრობს, რომ საზოგადოებამ ხელისუფლებას ძალიან მკაფიოდ უნდა აუხსნას, რა არის გასაკეთებელი.

რატომ არის მნიშვნელოვანი, საქართველო არ ამოვარდეს „ასოცირებული ტრიოდან“

დიპლომატი განმარტავს, რომ როგორც წესი, ევროკავშირის გაფართოება ხდება ჯგუფური მიდგომით:

„ევროკავშირი ყოველთვის ჯგუფურ მიდგომას იყენებს გაფართოების იმ ახალი ტალღებისადმი, როდესაც ხდება ხოლმე რამდენიმე ქვეყნის ერთად მიღება. თუ საქართველო დარჩება ჯგუფს მიღმა, სადაც უკრაინა და მოლდოვა არიან, რჩება სრულიად მარტო. ვისთან მოხდება შემდეგ საქართველოს დაჯგუფება, ეს ჩვენ არ ვიცით. ერთადერთი შესაძლებლობა, რაც ჩვენ თეორიულად შეიძლება, ვიხილოთ, არის პოტენციური კანდიდატების ჯგუფი, რომელშიც არიან ბოსნია და ჰერცეგოვინა და კოსოვო. ნამდვილად არ ვისურვებდი, ჩვენ ამ ჯგუფში ვიყოთ. ეს ჩვენ ძალიან უკან გვხევს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ 6–7 თვის შემდეგ დაიწყება საუბარი საქართველოს კანდიდატად გადაყვანის თაობაზე, ქვეყანას ევროკავშირში დასჭირდება ლობისტი ქვეყნები, რომლებიც ამ საკითხს დაძრავენ. უკრაინას და მოლდოვას ასეთი ლობისტები ჰყავთ: უკრაინის შემთხვევაში გერმანია, საფრანგეთი და დიდი ქვეყნები; მოლდოვის შემთხვევაში – რუმინეთი, საფრანგეთი და ა.შ. ჩვენ ეს ლობისტები, როგორც ბოლო მოვლენებმა ცხადყო, აღარ გვყავს – ხელისუფლებამ ასეთი რიტორიკით ჩვენს სტრატეგიულ მეგობრებსაც კი არ მისცა ამის შესაძლებლობა. ამიტომ, ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით!“,– ამბობს გიგიაძე.

დარჩა საქართველოს მხარდამჭერები?

საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანების გზაზე ტრადიციულად,მთავარ მხარდამჭერებად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გვევლინებოდნენ. კითხვას, რა აჩვენა უკანასკნელმა მოვლენებმა, რა დონეზეა საქართველოს ურთიერთობები პარტნიორებთან, დიპლომატი პასუხობს: „აჩვენა ის, რომ საქართველო ამ ეტაპზე სრულ იზოლაციაში იმყოფება. საქართველოს ხელისუფლებას აღარ ჰყავს მხარდამჭერი მათ შორის ჩვენს ტრადიციულ პარტნიორ ქვეყნებშიც კი – ბალტიისპირეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი. საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია!“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S