ჯეჯელავა: „დღეს წმინდა სინოდში ყველაზე ძლიერი „მდუმარე უმრავლესობაა“

27-06-2022 15:49:32 ანალიზი ,კომენტარი

რუსეთის მიმართ თავისი ლოიალური დამოკიდებულებით ცნობილი მეუფე სპირიდონი ანტიდასავლურ კამპანიას და ამბიონიდან მრევლის დეზინფორმირებას განაგრძობს და შეიძლება ითქვას, ამჯერად მმართველ გუნდსაც შეეხიდა ერთგვარ მაშველ რგოლად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღების გამო ქვეყანაში მაღალი უკმაყოფილების ფონზე. კერძოდ, მეუფე სპირიდონის მტკიცებით, თურმე სტატუსი ქვეყანამ არა იმ ფუნდამენტური პრობლემების გამო ვერ მიიღო, რომელთა შესახებაც ღიადაა საუბარი განსაკუთრებით უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში (ეს ეხება, მათ შორის, ძლიერ ინსტიტუტებს, პოლიტიკისგან თავისუფალ მართლმსაჯულებას, რომელიც თითოეული მოქალაქის, მათ შორის მეუფის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს), არამედ იმიტომ, რომ „საქართველოში ჰომოსექსუალები არ არიან, ებრძვიან მათ“. უნდა ითქვას, რომ LGBTQ თემა რუსული პროპაგანდის ერთ–ერთი ინტენსიურად გამოყენებადი ხაზია და არც მეუფე სპირიდონისგან გვესმის პირველად მსგავსი ანტიდასავლური გზავნილები და არც ერთადერთია მსგავსი პოზიციონირებით. მაგრამ პროცესზე დამკვირვებლებისთვის პრობლემა არა იმდენად მათ შეხედულებებში (აქვთ რა მათ აზრის ქონის და გამოხატვის უფლება), მიუხედავად იმისა, რომ გავლენა აქვთ მრევლზე, არამედ საპატრიარქოს დუმილშია.

„მეუფე სპირიდონი წმინდა სინოდის ერთადერთი წევრი არ არის, რომელსაც ამგვარი დამოკიდებულება აქვს რუსეთისადმი და კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს ევროინტეგრაციის. ცხადია, გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ჩვენი კონსტიტუციითაა განსაზღვრული საქართველოს ევროატლანტიკური კურსი. ამ კურსის საზოგადოდ გმობა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოსვლაა და წესით, ეს საპატრიარქოს კარგად უნდა ესმოდეს. რადგან საპატრიარქო ამაზე არ რეაგირებს, უფლება გვაქვს, ვიფიქროთ, რომ მისი ოფიციალური პოზიცია თანხვედრაშია მეუფე სპირიდონის და სხვათა ოფიციალურ პოზიციებთან, რომლებიც საჯაროდ გმობენ ქვეყნის განვითარების ძირითად მიმართულებას, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია განმტკიცებული საქართველოს კონსტიტუციით“,– ამბობს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას „ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა.

ჯეჯელავას ანალიზის მიხედვით, საპატრიარქო, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლება, მოქნილად სარგებლობს ორმაგი სტანდარტით:

„მაგალითად, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „პატრიარქმა საქართველო ევროპაში შეიყვანა“ – მისი საგალობლები „სიქსტეს კაპელაში“ აჟღერდა წუხელ. ეს ცალსახად პოზიტიური მოვლენა და ქართული კულტურის აღიარებაა, მაგრამ ძალიან გულსატკენია ეს ორმაგი სტანდარტი: როდესაც ქართველ კათოლიკებს საქართველოს ეკლესია ართმევს მათ მიერ აშენებულ ტაძრებს, როდესაც მათ მთელი რიგი სასულიერო პირები ერესად აცხადებენ, როდესაც ამ ქვეყანაში მაღალი რანგის სასულიერო პირები გმობენ ევროპას, აცხადებენ გარყვნილების ბუდედ და იმავდროულად მიქელანჯელოს მიერ მოხატულ „სიქსტეს კაპელაში“ საკუთარი კულტურის დემონსტრირებით მოსწონთ თავი, ეს ორმაგი სტანდარტია და თუ მას თეოლოგიურ ლინგვისტიკას მოვარგებთ – ფარისევლობა! ეს არის ორი ბატონის მსახურება – ერთი ხელით რუსეთისთვის გუნდუკის კმევა, მეორე ხელით – საკუთარი მერკანტიული ინტერესების დაკმაყოფილება ევროპასთან მიმართებაში. ყველაფერი - საუკეთესო ჯანმრთელობა, ტექნოლოგიები.. თავისთვის სურთ. სხვათა შორის, არც იმ ცოდვებზე ამბობენ უარს, რომლის გამოც ევროპას ამუნათებენ, მაგრამ არ უნდათ ერთი რამ – ევროპაში ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. „დეკამერონიც“ კი უცოდველი ნაწარმოებია იმასთან შედარებით, რაც სუს–ის კრეფსებში წერია ჩვენს სასულიერო იერარქებთან დაკავშირებით!“.

ჯეჯელავას დაკვირვებით, „საქართველოს ეკლესია და ხელისუფლება არიან ნაზიარები ერთმანეთთან ძალიან დიდი ცოდვებით ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომაც ისინი ერთმანეთისგან განუყოფლები არიან და ასეთად დარჩებიან“, რაც მათ გავლენას საზოგადოებაზე და ძალაუფლებას უზრუნველყოფს.

როგორც ჯეჯელავა ამბობს, ცხადია, არიან სასულიერო პირები მკაფიოდ გამოხატული სახელმწიფოებრივი პოზიციით, რომელთაც სრულად აქვთ გააზრებული საქართველოს ევროპული მომავლის მნიშვნელობა, არიან უკიდურესად პრორუსული განწყობების მქონე იერარქებიც, მაგრამ ყველაზე დიდ ნაწილს „მდუმარე უმრავლესობა“ წარმოადგენს:

„წმინდა სინოდში ყველაზე ძლიერი არის „მდუმარე უმრავლესობა“. მთელი პრობლემაც იმაშია, რომ არავინ იცის, ისინი რას იზამენ. მდუმარე უმრავლესობის მოტივაცია იქნება მხოლოდ საკუთარი პირადი კეთილდღეობა და ინტერესები გადაწყვეტილების მიღების დროს და ესაა რეალობა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები