რატომ ახსენა შარლ მიშელმა „ტრიოს“ ჩამორჩენილი ქვეყანა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად: საქართველომ "კალათა" იცვალა?

27-06-2022 18:04:32 ანალიზი ,კომენტარი

მას შემდეგ, რაც საქართველო მისივე ინიციატივით შექმნილ „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს (უკრაინა, მოლდოვა) ჩამორჩა, ქვეყნის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდამჭერებში მზარდია შიში, არ ამოვარდეს ქვეყანა ხსენებული პოლიტიკური გეოგრაფიიდან – აქვს რა ევროკავშირს გაფართოების კუთხით ჯგუფური მიდგომა, უკრაინასა და მოლდოვას ჩამოშორების შემთხვევაში, ბუნდოვანი გახდება საქართველოს პერსპექტივა, ვისთან მოუწევს მას დაჯგუფება. ამ ფონზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შალ მიშელის მიერ ბოსნია-ჰერცეგოვინას და საქართველოს ერთ კონტექსტში ხსენებამ პროცესზე რიგ დამკვირვებლებში შეშფოთება გამოიწვია.

„ეს ომი [უკრაინაში], ასევე, აყალიბებს ევროკავშირს. სულ რამდენიმე დღის წინ, ევროპული საბჭოს ბოლო შეხვედრაზე, ჩვენ შევთანხმდით უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ჩვენ მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია-ჰერცეგოვინას და საქართველოს, მას შემდეგ, რაც რეფორმები განხორციელდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისა და ევროპის მომავლისთვის“, — განაცხადა შარლ მიშელმა გერმანიაში, G7 სამიტის წინ.

ინფორმაციისთვის: ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვოსთან ერთად, ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი ქვეყანაა. ბოსნია და ჰერცეგოვინა დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, ევროკავშირის წევრობის პოტენციურ კანდიდატად დასახელდა სალონიკის ევროპული საბჭოს სამიტზე. ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2016 წლის თებერვალში გააკეთა. კომისიამ თავისი მოსაზრება განაცხადის შესახებ 2019 წლის მაისში გამოაქვეყნა და ბოსნია და ჰერცეგოვინას განუსაზღვრა 14 ძირითადი პრიორიტეტი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის კუთხით. ბოსნია და ჰერცეგოვინას ეს პირობები ამ დრომდე არ აქვს შესრულებული.

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ფაქტის კონსტატაციასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე რაიმე სახის გადაჯგუფებასთან, ვინაიდან საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა ამ დროისთვის ერთი და იმავე საფეხურზე დგანან: ორივეს შემთხვევაში პერსპექტივა აღიარებულია და განსაზღვრულია პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„რეალურად, „ასოცირებული ტრიოდან“ და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ეს ორი ქვეყანაა, რომლებიც ასე ვთქვათ, ერთსა და იმავე საფეხურზე დგანან. ამ წუთის მდგომარეობით ერთ დონეზე ვიმყოფებით, როცა საქმე ეხება ევროკავშირში გაწევრიანებას. სწორედ ამიტომ გვახსენეს ერთნაირად“,– განმარტავს „აქცენტთან“ ჩხიკვაძე და ეჭვობს, ევროკავშირმა ეს ორი ქვეყანა ინტეგრაციის პროცესში ერთ კონტექსტში განიხილოს: „არანაირი მსგავსება არაა, მით უმეტეს, რეგიონულად არ ებმიან ერთმანეთს. ამასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით უამრავი კითხვის ნიშანია – ბევრი არშემდგარ სახელმწიფოდ მიიჩნევს“.

მისი ხედვით, საქართველოს ჯერ კიდევ რჩება შანსი, არ ამოვარდეს „ასოცირებული ტრიოდან“, ამისთვის კი ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაა საჭირო, რომლის შეფასებაც წლის ბოლოსთვის უნდა მოხდეს და თუ დადებითი რეკომენდაცია გაიცა, საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე შეიკრიბება. ხოლო დრო საქართველოს სასარგებლოდ არ მუშაობს, რადგან არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს შენარჩუნდება ევროკავშირში არსებული დამოკიდებულება, შესაბამისად, შანსი საქართველოსთვის, წინ გადადგას ის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელსაც სამიოდ თვის წინ ბევრი წარმოუდგენლადაც კი მიიჩნევდა:

„აქ ორი მომენტია: რამდენად შეძლებენ უკრაინა და მოლდოვა შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და მეორე – 2024 წლისთვის ევროკავშირი უფრო მეტად შიდა საქმეებზე გადაერთვება და ნაკლები დრო დარჩება გარე ურთიერთობებისთვის: 2024 წლის შემოდგომაზე ევროპარლამენტის არჩევნები ტარდება, მოქმედი ევროკომისიის ვადა იწურება და ახალი ევროკომისია უნდა დამტკიცდეს. არ ვიცით, ვინ იქნებიან ახალი წევრები და არც ის, როგორი დამოკიდებულება ექნებათ ზოგადად, გაფართოების მიმართ. მაგალითად, როდესაც ჟან-კლოდ იუნკერმა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტი ჩაიბარა [2014–2019 წლები], თქვა, რომ „ჩემი კომისიის პირობებში ევროკავშირის გაფართოება არ მოხდებაო“. არც ახლაა გაფართოების დიდი სურვილი, მაგრამ არსებული ვითარების გათვალისწინებით გახდნენ იძულებულები, ეცვალათ პოზიცია",– ამბობს "აქცენტთან" ჩხიკვაძე.

მკვლევარი ფიქრობს, რომ პერსპექტივას საქართველოს არ ჩამოართმევენ, მაგრამ ევროკავშირთან ურთიერთობების გაციება პრაქტიკულ დონეზე გახდება აღქმადი. ამ კონტექსტში ახსენა მან 75 მილიონი ევრო – 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში, რომელიც საქართველოს შემოდგომაზე უნდა მიეღო, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ეს თანხა არ მიიღოს. ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა მაღალ ეკონომიკურ ზრდის ფონზე საგარეო ვალის შემცირების სურვილი. მოგვიანებით მთავრობამ ვალი აიღო. საგულისხმოა, რომ ხსენებულ ტრანშს (წლიური საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 0,125%) თან ახლდა წინაპირობა (მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა). მოგვიანებით ფინანსთა სამინისტროში აღიარეს, რომ პირობის შეუსრულებლობის გამო იყო მოლოდინი, რომ ტრანში არ გადმოირიცხებოდა, ამიტომ თბილისმა საკუთარი უარით დაასწრო ევროკავშირს და ტრანშის დისკრედიტაციას შეუდგა „სესხია და არა დახმარებაო“.

„ასოცირებული ტრიოს“ პირობებში საქართველოში ყოველთვის იყო განცდა, რომ „მზად კი არ ვართ, მაგრამ ერად გავალთ ფონს, არ გაგვწირავენ, შესაძლოა, თვალი დახუჭონ და სამივეს ერთი და იგივე სტატუსი მიანიჭონო“. დღეს ეს აღარ იმოქმედებს. ისინი წინ არიან, ჩვენ კი ყველაფრის შესრულება მოგვიწევს – თვალს აღარ დახუჭავენ! ჩვენი გაკეთებული საქმე ჩვენს ამბიციებთან უნდა იყოს თანხვედრაში. ჩვენ კი მეტი ამბიცია გვაქვს, ვიდრე შედეგს ვაჩვენებთ. გვეუბნებიან, რომ ევროკავშირის წევრი ვერ გახდები, თუ არ გექნება დამოუკიდებელი სასამართლო, თუ მაღალი დონის კორუფციას არ ებრძოლე, არაფერი გამოვა. ხოლო თუ დამოუკიდებელი სასამართლო ვიდრე არ იქნება, არ უნდა ელოდე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ინვესტიციები გჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას სამუშაო ადგილები, რაც თავის მხრივ გჭირდება იმისთვის, რომ ახალგაზრდობის 25%–ზე მეტი უმუშევარი რომაა და ქვეყანას ტოვებს, დასაქმდეს!

ურთიერთობების გაციებამ ასახვა დაიწყო, როცა 75 მილიონი არ გადმოურიცხა საქართველოს ანგარიშზე. ასეთი მიდგომა გაგრძელდება, თუ საქართველო არ დადებს შედეგს. ძალიან მტკიცედ და მწვავედ იმუშავებს პირობითობის მიდგომა, რაც იმას გულისხმობს, თუ შექმნის სტრატეგიას და ა.შ. მიიღებს დაფინანსებას, წინააღმდეგ შემთხვევაში – დაკარგავს“.

მსგავს შემთხვევაში მმართველი გუნდი გამოსავალს სავარაუდოდ, კვლავ საგარეო ვალის აღებაში ნახავს, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის ტვირთია, ამ პირობებში კი ისევე გავაგრძელებთ ცხოვრებას, როგორც სტატისტიკური ქართული ოჯახი ცხოვრობს თვიდან თვემდე ვალებით და ცხოვრების დონის გაუარესების ტენდენციით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები