სუბარმა, ხუნდაძემ და ყაველაშვილმა პარტიის დატოვების შემდეგ პირველი კომენტარები გააკეთეს

28-06-2022 21:54:13 პოლიტიკა

მმართველი გუნდის დატოვების შემდეგ სოზარ სუბარმა პირველი კომენტარი გააკეთა, თუმცა არაფერი უთქვამს ისეთი, რაზეც მანამდე მმართველი გუნდის წევრები იკავებდნენ თავს. არადა ჯერ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე, ხოლო შემდეგ სოზარ სუბარმაც სამი დეპუტატის მიერ პარტიის დატოვების მიზეზად სწორედ ის გარემოება დაასახელეს, რომ პარტიული პოზიცია არ აძლევდა შესაძლებლობას, მეტი ინფორმაცია მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის.

„რთული პერიოდ დგას რეგიონში. საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია. მოგვისმენია არაერთი განცხადება, პირდაპირ გვთხოვდნენ ომში ჩართვას. ამის პირდაპირი მცდელობები იყო. იყუო არაპირდაპრი მცდელობებიც. ერთადერთი, რასაც შეუძლია, ეს საფრთხე აგვაცილოს თავიდან, არის ხალხის მხარდაჭერა და განწყობა. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. ერთია მხრივ დგას ომში ჩართვის საფრთხე, მეორეს მხრივ დგას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება – ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების შესაძლებლობა. მაგრამ, თუკი ახდა იმათი განწტყობა, ვისაც უნდა ომში ჩართვა, მაშინ ევროპა დაგვრჩება განზე. ამიტომ, ჩვენ უნდა ვუთხრათ მეტი სიმართლე, ვიდრე ამის საშუალებას იძლევა მმართველი გუნდის წევრობა“,– ირწმუნება სუბარი.

კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, „ქართული ოცნების“ ძველი სახეებიც მიჰყვნენ მის კვალს, სუბარმა უპასუხა, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება.

კიტხვაზე, რაღაც დარჩა სათქმელი, სუბარმა დააანონსა, რომ ამას უახლოეს დღეებში შევიტყობთ.

იგივე გაიმეორა დეპუტატმა ყაველაშვილმაც:

„კონკრეტიკაზე თავს შევიკავებთ, ამას ხვალ გაიგებთ. ჩვენი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი აზრით, არასაკმარისად მიეწოდება ის სიმართლე, რომელიც აუცილებელია, რომ მათ იცოდნენ და ჩვენ, სამმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ ამ სახით შეგვიძლია, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და არ დავაზიანოთ „ქართული ოცნება“. არის საკითხები, რომელიც ხვალ გაჟღერდება. ამ საკითხებზე მსჯელობაც გვექნება, რომ ჩვენმა საზოგადოებამ​ სიმართლე იცოდეს, თუ დღეს საქართველოში რა ვითარებაა და საერთო აზრი გვქონდეს, მით უმეტეს, ჩვენს ამომრჩეველთან. ჩვენ გვექნება თავისუფლება, რომ ჩვენს საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი არსებულ რეალობას საღად შეხედავენ, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ვიქნებით“.

სიახლე არც დეპუტატ ხუნდაძეს შემოუთავაზებია:

„ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო. ჩემი პოლიტიკური ასაკი ზუსტად ემთხვევა „ქართული ოცნების“ პარტიის ასაკს, მაგრამ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები. ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს; პრაქტიკულად, ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი, დღეს მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პოლიტიკურ რეალობაში. ამიტომ საკითხები, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, მე ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და ის ინფორმაცია, რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან“.

მმართველ გუნდს პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავდა, სამი დეპუტატის მიერ პარტიის დატოვების შემდეგ დარჩა 81 სადეპუტატო მანდატი. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვას კიდევ ექვსი მანდატი აშორებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები