რა მისიით დატოვა სამეულმა პარტია

29-06-2022 15:55:31

როდესაც „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი გუნდიდან სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის გამოყოფის მოტივზე ისაუბრეს, პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილში იმთავითვე გაჩნდა ეჭვი სამეულის მისიასთან დაკავშირებით, რომ სახელისუფლებო გუნდის ლიდერების მიერ ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინში გაჟღერებული მუქარა „ყველაფერს ფარდას ავხდითო“ (რაც შემდეგ თითქოს „გადაიფიქრეს“) და „ომში ჩათრევის“ თემა კვლავ დღის წესრიგშია, მით უფრო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შექმნილი შეფერხებით (რაზეც პასუხისმგებლობას საზოგადოების ქუჩაში გასული ნაწილი „ქართულ ოცნებას აკისრებს) ქვეყანაში მზარდი უკმაყოფილების ფონზე. ხსენებული სამი დეპუტატის პირველმა კომენტარებმა კი ეს ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ მათ რიტორიკას. ამ მხრივ მაინც გამორჩეულია დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც ოკუპაცია და ევროკავშირისგან წამოსული კრიტიკა, მათ შორის პოლიტიკისგან თავისუფალი მართლმსაჯულების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე, ფაქტობრივად, ერთმანეთს გაუთანაბრა. ამასთან, განაცხადა, რომ „თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას“.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს, იცნობს რა ხსენებულ დეპუტატებს, არ აქვს მოლოდინი, რომ ისინი რეალურად განუდგნენ „ქართულ ოცნებას“, თუმცა მათ მოტივებზე საუბარი ამ ეტაპზე უჭირს:

„მე შემიძლია იმ ადამიანების პროგნოზირება, რომლებიც დაახლოებით ისე ფიქრობენ და იმავე პრინციპებით მოქმედებენ, როგორც მე. ამათი პროგნოზირება კი ნამდვილად არ შემიძლია. ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ არასასიკეთო“.

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს კი რთულად წარმოუდგენია, რამდენად ხისტი უნდა იყოს სამეულის რიტორიკა, რომ მმართველი გუნდის ხისტ პოზიციონირებას გადააჭარბოს, თუმცა თუ ეს შეძლეს, ფიქრობს, რომ ისინი „გახდებიან ალტ–ინფოს [პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფი–რედ] საპარლამენტო ვერსია და თუ გაითვალისწინებთ ამ ჯგუფის [ალტ–ინფოს– რედ.] მიმართ საზოგადოების მხარდაჭერას, ისინი გახდებიან მარგინალები“. ამ როლისთვის კი მას სოზარ სუბარი ენანება, რომელმაც თავის დროზე სახალხო დამცველის პოზიციაზე მუშაობისას, ვიდრე პოლიტიკაში გადაინაცვლებდა, საზოგადოებაში გარკვეული პოზიტიური კაპიტალი დააგროვა.

რაც შეეხება მოსალოდნელ გზავნილებს, რომელთაც სავარაუდოა, რომ დეპუტატები გააჟღერებენ, სოციოლოგი ამბობს: „არც ერთ საერთაშორისო სტრუქტურას, არც აშშ–ს მინიშნებითაც არ უთქვამთ, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი ფრონტი უნდა გახსნას. იყო უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, თანაც არა ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან. უნდა გავითვალისწინოთ, რა მდგომარეობაშია ახლა უკრაინა, რა ტრავმებს განიცდის და ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ ეს განცხადებები. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ გამხდარა უკრაინის მთავრობის პოზიცია და მით უმეტეს, ამას არ აჰყოლია არც ერთი საერთაშორისო სტრუქტურა. მეტიც, გვახსოვს კელი დეგნანის [აშშ–ის ელჩი – რედ.] განცხადება, რომელმაც ასეთ რიტორიკას წმინდა რუსული პროპაგანდა უწოდა. თუ სოზარ საუბარი ფიქრობს, რომ დასავლეთი რუსული პროპაგანდის ნაწილად აქციოს, უბრალოდ თავს გაიშარჟებს, მას არავინ დაუჯერებს, მით უფრო, არ დაუჯერებს საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოება, რომელიც როგორც ჩანს, საკმაოდ მძლავრია“.

სოციოლოგის ანალიზის მიხედვით, ვინაიდან ძალაუფლების წყარო ხალხია, ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის მიმხრობა, მათ აშინებთ ხალხი, რადგან საქართველო ჯერ არ მისულა ავტორიტარიზმის იმ ხარისხამდე, როდესაც ამომრჩეველთა ხმები ანგარიშგასაწევი არაა. ამიტომ, მისი ხედვით, ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გატეხოს საპროტესტო ტალღა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძეც ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი გრძნობს საზოგადოების უკმაყოფილებას და 28 ივნისს გადადგმული ნაბიჯის ერთ–ერთ მიმართულება პროტესტის ჩახშობა იქნება, თუმცა ეჭვობს, ამ მიმართულებით სამეულის „შრომა“ პროდუქტიული იყოს, რადგან მისი ხედვით, ქუჩაში საპროტესტოდ გასული საზოგადოების აპარტიული ნაწილი აცნობიერებს საკუთარ მისწრაფებებს. ამდენად, ანალიტიკოსი ფიქრობს, ხელისუფლებას პროტესტზე ზეგავლენის რესურსი არ აქვს, მით უფრო, ხსენებული სამი დეპუტატის მეშვეობით და თუ ვინმე შეუქმნის პროტესტს პრობლემებს, ეს ოპოზიციის არაგონივრული ქცევა იქნება. თავად დეპუტატების მისიას ძაბირაძე შემდეგნაირად ხედავს:

„ქართულ ოცნებაში“ დაიწყო არა განხეთქილება, არამედ გადაჯგუფება. მოვისმინეთ ზოგადი განცხადებები, რომლებიც მგონია, რომ რეალობაში სხვაგვარად აისახება: დეპოლარიზაცია ევროკავშირის ერთ–ერთი მოთხოვნაა. „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერების ლექსიკა, იქნებოდა ეს ოპონენტებთან, ევროპარლამენტარებთან თუ ზოგადად, საზოგადოებასთან მიმართებით, დეპოლარიზაციას ხელს არ უწყობს. როგორც ჩანს, შეთანხმდნენ, რომ თემები, რომლებზეც დღემდე „ქართული ოცნების“ ლიდერები ლაპარაკობდნენ, ამ სამეულზე გადაინაცვლებს, ხოლო „ქართული ოცნება“ და მისი გუნდი გახდება უფრო დიპლომატიური, მოზომილი, ფრთხილი. ალბათ, ეს ძირითადი სცენარია და ვნახოთ, რამდენად სწორია ჩემი მოლოდინი. არსებობს კიდევ ერთი მომენტი: „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში არსებობს ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ კოჰაბიტაცია (სხვა თემაა, რამდენად იყო ის პროცესი რეალურად კოჰაბიტაცია) არ უნდა განეხორციელებინა. მომავალში, თუ პრობლემები გაჩნდება ამ მიმართულებით, ეს პატარა ჯგუფი შესაძლოა, ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ ძალად, რომელიც ამ ამომრჩეველს მიიმხრობს, თუ მათი სხვებზე გადანაწილების რისკი გაჩნდა. ეს ერთ–ერთი ვერსიაა, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც მგონია, რომ პოლარიზაციის პრობლემის „მოსაგვარებლად“ სჭირდებათ ეს ნაბიჯი. იმავდროულად, სურთ, შეინარჩუნონ ფონი – ომზე საუბარი, ევროკავშირის წარმომადგენლების კრიტიკა... და თან მმართველი ძალა დარჩეს „სუფთა“.

იხილეთ ასევე: "ოცნების" ყოფილმა წევრმა დეპუტატებმა ანტიდასავლური შეთქმულების თეორია გამოაქვეყნეს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები