თსუ: "ადმინისტრაცია არ დაუშვებს საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური დაპირისპირების მცდელობას"

30-06-2022 20:58:06 საზოგადოება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოეხმაურა 30 ივნისს „მაღლივ კორპუსთან" მომხდარ დაპირისპირებას. უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ემიჯნება საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური პროცესების შემოტანას.

„თსუ-ის ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდების ჯგუფებს შორის მომხდარ ინციდენტს, რომლის განმუხტვაც თსუ-ის დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეძლებისდაგვარად მოახერხეს.

თსუ-ის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები თუ ადმინისტრაციის თანამშრომლები შეუზღუდავად სარგებლობენ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებითა და თავისუფლებებით. საუკუნეზე მეტია უნივერსიტეტი ემსახურება საზოგადოების განათლებას, ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამყარებასა და განმტკიცებას.

შესაბამისად, უნივერსიტეტი მხარს უჭერს აზრის გამოხატვის მხოლოდ დემოკრატიულ ფორმებს და ამავე დროს, ემიჯნება საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური პროცესების შემოტანას. ადმინისტრაცია არ დაუშვებს საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური დაპირისპირების მცდელობას და მიმართავს ყველა პოლიტიკურ ძალას თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან", - ვკითხულობთ განცხადებაში.

უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ „მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და მოუწოდებს ახალგაზრდებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ადამიანის უფლებებს, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ მაპროვოცირებელი ქმედებებისგან".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მაღლივი კორპუსის" შესასვლელთან დღეს, 30 ივნისს მომხდარ ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. დღეს დილით, 3 ივლისის აქციაზე სტუდენტების მისაწვევად, ახალგაზრდები ბუკლეტებს არიგებდნენ, რაშიც მათ ხელი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა შეუშალეს. ადგილზე ისმოდა გინებაც და იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები