წერეთელი აშშ–ის საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოხანაშვილის ბრალდებას პასუხობს

30-06-2022 23:23:10 საზოგადოება ,სამართალი

„ტვ პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი იხსენებს, რომ საელჩოს ტერიტორაზე შეხვდა გენპროკურორ ირაკლი შოთაძეს, მიესალმა,

უთხრა, რომ „სხვადასხვა კუნძლზე“ არიან, თუმცა „ აქვს ქვეყანას და ცუდი რამე არ ქნათ, ან 3 ივლისს ან მერე, რომ ჩაჰყვეთ საფლავში“.

„მომისმინა. მერე მადლობა გადავუხადე რომ მომისმინა და წამოვედი და გულწრფელად ვამბობ, კარგი შთაბეჭდილება დამრჩა ამ ადამიანზე, მიღმა იმისა, რასაც აკეთებენ. შემდეგ ვნახე გია ვოლსკი, ხელი ჩამოვართვი. არ ვფიქრობ, რომ ადამიანები სხვადასხვა კუნძულზე რომ არიან, ხელი არ უნდა ჩამოვართვა. შემდეგ ოხანაშვილსაც ჩამოვართვი ხელი“.

კითხვაზე, რა უთხრა მან ოხანაშვილს, რადგან დეპუტატი მდიამენეჯერს ადანაშაულებს პროვოკაციაში, წერეთელმა უპასუხა, რომ იგივე, რაც შოთაძეს.

„აი, რა უნდა მეთქვა ისეთი ანრი ოხანაშვილისთვის ისეთი, რომ 5 დეპუტატი მოსულიყო ამერიკის საელჩოში და ფიზიკურად დაეწყო გასწორება?! [...] თამბაქოს ვეწეოდი, გამოეყო ოხანაშვილი, მოჰყვა ოდიშარია, ზარქუა, მგალობლიშვილი. შემომეხვივნენ, ყელში რომ უნდა წაჭერა... ხელი გამომიქანა, ჭიქა მესროლა... შემდეგ ლაჩრულად გაიქცნენ... დაცვა მოვიდა... ელჩი ვნახე, „სტუმრად მოვედი და „ქართული ოცნების დეპუტატებმა გამლახეს–მეთქი“. ისე რომ არ გამოვიდეს, რომ სიგიჟეს ვყვები, კელი დეგნანმა გაასაჯაროოს კადრები, მის ტერიტორიაზე მოხდა კრიმინალი!“,– ამბობს წერეთელი.

წერეთელი ვარაუდობს, ოხანაშვილის ქცევა რამდენიმე თვის წინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს უნდა უკავშირდებოდეს:

"მე ჩემი მოსაზრება მაქვს, მას პარლამენტის ინციდენტი, რომ იყო თუ გახსოვთ რამდენიმე თვის უკან, ალბათ იქიდან ჰქონდა გულში რამე ჩადებული და რა ვიცი, მე ამას ვაბრალებ.

პარლამენტის ინციდენტი იყო რამდენიმე თვის უკან, ლექსო ლაშქარავა რომ გარდაიცვალა მაშინ რომ მივედი და ადამიანებს პასუხს ვთხოვდი, მაშინ გვქონდა შეკამათება და ახლა რატომ გადაწყვიტა ამერიკის საელჩოში მიღებაზე, ყველა იქ რომ იყო ძმაკაცებთან ერთად მოხვიდე და ფიზიკურად გასწორება დაიწყო".

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს.

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო.

ინციდენტის შესახებ დაახლოებით 21:00 საათისთვის გახდა ცნობილი. ვატო წერეთელი ყვებოდა, რომ მას აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე მიღებაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"საგიჟეთია! ამ ქვეყანაში კი არა, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. აშშ–ის საელჩოს ეზოში, სადაც მოწვეული იყო 200–300 სტუმარი. დედა ვფიცავარ, შოკში ვარ. წარმოიდგინეთ, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ეს რომ ხდება, გარე რა ხდება!",– განაცხადა ვატო წერეთელმა.

მისი თქმით, ინციდენტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს და ადგილზე 200–მდე კამერა იქნებოდა:

„მონა ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. ხელზე მომიჭირა, ქუჩური გარჩევები დამიწყო, რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში, ვიდრე აზრზე მოვიდოდი, მეორემ გამწია და მომიქნია ხელი. ორივე სახეში მომხვდა. ეს ლაჩრები, ან თავმოყვარეობა არ აქვთ, აშშ–ის საელჩოში ამას რომ დადგამ, წარმოგიდგენია ქვეყანას რას უშვრებიან?! ელჩი სავარაუდოდ, 50 მეტრში იყო!“– ჰყვება წერეთელი.

თავის მხრივ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი პროვოკაციაში „ტვ პირველის“ მფლობელ ვატო წერეთელს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მედიამენეჯერმა „მიიღო ის, რასაც იმსახურებდა“. მის ვერსიას ადასტურებს დეპუტატი ზარქუა.

მომხდართან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, „თუ იმის მტკიცებას აპირებს ვინმე, რომ უმიზეზოდ მივარდნენ და ვინმემ ვინმე გალახა, ამას არავინ დაიჯერებს - არის ხოლმე, როცა შეიძლება, ვეღარ მოითმინო, ვეღარ შეიკავო თავი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები