ქარტია: „მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“

01-07-2022 00:09:48 საზოგადოება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „TV პირველის“ მფლობელ ვატო წერეთელზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების თავდასხმას გმობს და მმართველ პარტიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

ქარტია ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა.

"ქარტიის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა განპირობებულია ერთი მხრივ, ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი ფაქტებით და მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკით. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედება არ გახდეს მედიის მისამართით დანაშაულის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი".- აღნიშნულია განცხადებაში.

„ტვ პირველის“ მფლობელის ვატო წერეთლის განცხადებით, მას აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას ხელი დაარტყა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩს მოუწოდებს კადრების გასაჯაროებისკენ.

„ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტტები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. ამერიკის საელჩოს ეზოში, სადაც 200-300 სტუმარი იყო მოწვეული. წარმოგიდგენიათ, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ეს, რომ ხდება, გარეთ რა ხდება?! მივმართავ კელი დეგნანს, აშშ-ის ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური გასწორება ადამიანის, კონკრეტულად ჩემ მიმართ, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროეთ კადრები. მედიას მიეცით კადრები, როგრ უსწორდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები ადამიანს. თქვენს ტერიტორიაზე მოხდა კრიმინალი. მე რომ ბევრი არ ვილაპარაკო, ეპიცენტრში 200-მდე სტუმარი იყო. კელი დეგნანს მივმართავ, დღესვე კადრები გაასაჯაროვეთ. 200-მდე კამერა იქნებოდა. უამრავი თვითმხილველი იყო. ოხანაშვილი დაიძრა ჩემსკენ, მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი, მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები. ოხანაშვილი, რომ ქუჩურ გარჩევებს დაგიწყებს, თავი უნდა მოიკლა. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. მერე სანამ აზრზე მოვედი, მეორემ მომიქნია ხელი. ორივე მომხვდა“, - თქვა წერეთელმა.

„ტვ პირველი" მიმართავს შეერთებული შტატების საელჩოს, რომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს მის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს:

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას".

„ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის ინფორმაციით, გაშველებს დროს დაზიანებები მიიიღო, „ტვ პირველის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ვატო წერეთელი პროვოკაციაში დაადანაშაულა:

„უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, უბინძურესს, წერეთლის მხრიდან. მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო... ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა, - თქვა ოხანაშვილმა და დაამატა, - საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე".

საპასუხოდ წერეთელი გაიხსენა დეტალები. კერძოდ, თქვა, რომ საელჩოს ტერიტორაზე შეხვდა გენპროკურორ ირაკლი შოთაძეს, მიესალმა, უთხრა, რომ „სხვადასხვა კუნძლზე“ არიან, თუმცა „ აქვს ქვეყანას და ცუდი რამე არ ქნათ, ან 3 ივლისს ან მერე, რომ ჩაჰყვეთ საფლავში“.

„მომისმინა. მერე მადლობა გადავუხადე რომ მომისმინა და წამოვედი და გულწრფელად ვამბობ, კარგი შთაბეჭდილება დამრჩა ამ ადამიანზე, მიღმა იმისა, რასაც აკეთებენ. შემდეგ ვნახე გია ვოლსკი, ხელი ჩამოვართვი. არ ვფიქრობ, რომ ადამიანები სხვადასხვა კუნძულზე რომ არიან, ხელი არ უნდა ჩამოვართვა. შემდეგ ოხანაშვილსაც ჩამოვართვი ხელი“.

კითხვაზე, რა უთხრა მან ოხანაშვილს, რადგან დეპუტატი მდიამენეჯერს ადანაშაულებს პროვოკაციაში, წერეთელმა უპასუხა, რომ იგივე, რაც შოთაძეს.

„აი, რა უნდა მეთქვა ისეთი ანრი ოხანაშვილისთვის ისეთი, რომ 5 დეპუტატი მოსულიყო ამერიკის საელჩოში და ფიზიკურად დაეწყო გასწორება?! [...] თამბაქოს ვეწეოდი, გამოეყო ოხანაშვილი, მოჰყვა ოდიშარია, ზარქუა, მგალობლიშვილი. შემომეხვივნენ, ყელში რომ უნდა წაჭერა... ხელი გამომიქანა, ჭიქა მესროლა... შემდეგ ლაჩრულად გაიქცნენ... დაცვა მოვიდა... ელჩი ვნახე, „სტუმრად მოვედი და „ქართული ოცნების დეპუტატებმა გამლახეს–მეთქი“. ისე რომ არ გამოვიდეს, რომ სიგიჟეს ვყვები, კელი დეგნანმა გაასაჯაროოს კადრები, მის ტერიტორიაზე მოხდა კრიმინალი!“,– ამბობს წერეთელი.

წერეთელი ვარაუდობს, ოხანაშვილის ქცევა რამდენიმე თვის წინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს უნდა უკავშირდებოდეს:

"მე ჩემი მოსაზრება მაქვს, მას პარლამენტის ინციდენტი, რომ იყო თუ გახსოვთ რამდენიმე თვის უკან, ალბათ იქიდან ჰქონდა გულში რამე ჩადებული და რა ვიცი, მე ამას ვაბრალებ.

პარლამენტის ინციდენტი იყო რამდენიმე თვის უკან, ლექსო ლაშქარავა რომ გარდაიცვალა მაშინ რომ მივედი და ადამიანებს პასუხს ვთხოვდი, მაშინ გვქონდა შეკამათება და ახლა რატომ გადაწყვიტა ამერიკის საელჩოში მიღებაზე, ყველა იქ რომ იყო ძმაკაცებთან ერთად მოხვიდე და ფიზიკურად გასწორება დაიწყო".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები