"გაგვაფრთხილეს, თუ აქცია 5 წუთში არ დაიშლება, ყველა მონაწილეს დააკავებენ, ჩვენ ტერიტორიას არ ვტოვებთ"

04-07-2022 09:03:17 საზოგადოება

აქციის "შინ ევროპისკენ" ერთ–ერთი ორგანიზატორი ნოდარ რუხაძე აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი მომიტინგეები სუს–ის წარმომადგენელმა გააფრთხილა.

მისი თქმით, აღნიშნულის მიუხედავად დემონსტრანტები ადგილზე რჩებიან.

"დაახლოებით 5 წუთის წინ ჩვენთან მოვიდა სუს–ის თანამშრომელი და მან მუქარის ტონით გვითხრა, რომ თუ აქცია კანცელარიასთან 5 წუთში არ დაიშლება, ის ყველა მონაწილეს დააკავებს. აქ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი არაფერი ხდება, ჩვენ ხმაურით ვცდილობთ, გავაგონოთ მთავრობის წევრებს ჩვენი სათქმელი და ეს ხმაური არ შეწყდება მანამ, სანამ ჩვენ არ ჩავთვლით საჭიროდ. თუ სურთ ჩვენი დაკავება, მოუწევთ ამის გაკეთება, რადგან ტერიტორიას ჯერ არ ვტოვებთ", – აცხადებს რუხაძე.

აქცია 3 ივლისს 20:00 სთ–ზე პარლამენთან დაიწყო. შემდეგ დემონსტრანტების ნაწილმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლა. მოგვიანებით, ისინი კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ. აქციის ორგანიზატორების მოწოდების შემდეგ პროტესტმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლა. მათი თქმით, დილით "პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხმაურის ფონზე დახვდებიან".

მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებია, გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“.

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველებია მობილიზებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები