04-07-2022 13:53:56 მსოფლიო
უკრაინა ხერსონის დასაბრუნებლად კონტრშეტევას ამზადებს, – იუწყება The Economist.
მისი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მიუახლოვდნენ ხერსონის გარეუბნებს და ისინი უკვე სნაიპერის სასროლ დისტანციაზე არიან. გამოცემა ამ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო დაზვერვიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქისთვის ბრძოლა უკიდურესად მძიმე იქნება, რადგან არც ერთი მხარე არ აპირებს დანებებას. მომდევნო ერთი-ორი კვირა კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ბრძოლა მწვავდება, რადგან უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება დასავლეთიდან, მიკოლაივის მახლობლად და ჩრდილოეთიდან - ზელენოდოლსკიდან", ციტირებს გამოცემა სამხედრო მოსამსახურეს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის არმიის მთავარი ყურადღება, ისევ ორიენტირებულია რუსეთის მუდმივი წინსვლის შეჩერებაზე აღმოსავლეთში, სადაც გუშინ "ლისიჩანსკი დაიკარგა".
დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკან დაიხიეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკიდან. ზელენსკიმ მიზეზად ის დაასახელა, რომ უკრაინა უფრთხილდება თავის სამხედროებსა და ხალხს.
მისი თქმით, თუ არმიის სარდლობას სამხედროები გაჰყავს ფრონტის ზოგიერთი წერტილიდან, სადაც მტერს დიდი უპირატესობა აქვს, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დაბრუნდებიან ტაქტიკის და უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდების წყალობით.
"უკრაინა არაფერს დათმობს, ამის კარგი მაგალითი კუნძული ზმეინია", – აცხადებს ზელენსკი.
ლისიჩანსკი რჩებოდა ლუგანსკის ოლქის ბოლო დიდ ქალაქად, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებდა.
კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".