GTUC: "გერმანიაში მარწყვის საკრეფად წასულმა საქართველოს მოქალაქეებმა სასამართლო მოიგეს"

04-07-2022 19:40:16 საზოგადოება

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC) აცხადებს, რომ 2021 წელს გერმანიაში საქართველოდან წასულმა მოქალაქეებმა გერმანელ დამსაქმებელს შრომითი პირობების დარღვევა სასამართლოში დაუმტკიცეს და კომპენსაციას მიიღებენ. საუბარია სულ 18 ქართველზე, რომლებმაც, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების პირობით, გასული წლის გაზაფხულზე დატოვეს ქვეყანა.

"დამსაქმებელი ამტკიცებდა, რომ ქართველი მუშები დროულად არ ცხადდებოდნენ სამსახურში, ალკოჰოლს იღებდნენ, დილაობით არ ჰქონდათ მუშაობის სურვილი და ნაადრევად, თვითნებურად ტოვებდნენ სამუშაო ადგილს. შესაბამისად, დამსაქმებელი კი არ ამყოფებდა მათ იძულებითი მოცდენის პირობებში, არამედ, თავად დასაქმებულები არ ასრულებდნენ სამუშაოს. დამსაქმებელმა ვერცერთი ეს გარემოება ვერ დაამტკიცა, რადგანაც ყველა მათგანი იყო მხოლოდ დამსაქმებლის სიტყვები, არ არსებობდა მტკიცებულებები, რის გამოც სასამართლომ დამსაქმებლის არგუმენტაცია დაუსაბუთებლად მიიჩნია", - აცხადებენ პროფკავშირებში.

მათივე ინფორმაციით, სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 2021 წლის 11 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის ხელზე ასაღები 1018 ევროს ოდენობით, ხოლო 01 ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდისთვის - 909 ევროს ოდენობით. ამ თანხას გამოაკლდება ფულის ის ნაწილი, რომელიც გერმანელმა დამსაქმებელმა საქართველოდან ჩასულ მუშახელს გადაუხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები