ყოფილი დეპუტატი, რომელსაც ოჯახში ძალადობას ედავებოდნენ, სასამართლომ გაამართლა

05-07-2022 00:43:20

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი, რომელსაც ოჯახურ ძალადობაში ედებოდა ბრალი, გაამართლა. შესაბამისად, განაჩენის მიხედვი, გრემელაშვილს ოჯახის წევრებზე ძალადობა, მუქარა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, რასაც მას პროკურატურა ედავებოდა, არ ჩაუდენია.

განაჩენით ყოფილი დეპუტატი კმაყოფილია და ამბობს, რომ "ძალიან სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ”.

„ოჯახური ძალადობისა და მუქარის ნაწილში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ, სასამართლოსათვის ჩვენება არავის მიუცია. რაც შეეხება იარაღს, თავადაც თავიდანვე ამბობდა, რომ იარაღი მას არ ეკუთვნოდა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მისი გენეტიკური პროფილი ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე არ ამოვიდა. საუბარია იმ ავტომატზე, რომელიც ფორტეპიანოში აღმოაჩინეს, დაობებული, დაძველებული, არავინ იცის, როდის ჩადეს იქ. უცხო ადამიანების გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა ზედ, მამაკაცისა და ქალის. მე ველოდებოდი ამ განაჩენს და ვთვლი, რომ არის სწორი და სამართლიანი”, - განაცხადა გრემელაშვილის ადვოკატმა ქეთევან ზაქარიაშვილმა.

ამ ეტაპზე უცნობია, გეგმავს თუ არა პროკურატურა განაჩენის გასაჩივრებას.

თელავის საკრებულოს ყოფილ წევრს, რომელიც 2020 წლის 8 ივლისს დააკავეს, პროკურატურა ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრების მიმართ მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში ადანაშაულებდა. შსს-ს ინფორმაციით, გრემელაშვილი ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლსა და შვილებს და მათზე ფიზიკურად იძალადა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ გრემელაშვილი ოჯახის წევრებზე ძალადობდა, სოციალური ქსელით თავდაპირველად მისმა ნათესავმა, სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა გაავრცელა.

მიხეილ გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შალაურის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. არჩევნებში ის „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო, საკრებულოში ყოფნის პერიოდში კი პარტია დატოვა და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” შეუერთდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები