
“ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას"
03/10/2019 12:34:48 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის მიმართ “ლელოს” დაფუძნებლის მამუკა ხაზარაძის "სექსისტურ განცხადებას" გმობს.
“ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და მგონი ასევე ქართული საზოგადოებისთვის, დღეს ერთერთი პოლიტიკური ლიდერის მიერ გაკეთებული შეფასება ქალი პოლიტიკოსის მისამართით.
ქალის მიმართ დამამცირებელი და დამაკნინებელი კომენტარები მთელ მსოფლიოში დასჯადი ხდება და მითუმეტეს მიუღებელია ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის.
მსგავსი კომენტარი იქნება თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მუდმივი ტირაჟირება ან კიდევ შეურაცხყოფის მიყენების სხვადასხვა ფორმა, რეალურად ჩვენ საზოგადოებას ამცირებს და არ გვეკადრება.
ვისურვებდი, რომ ამ საარჩევნო პერიოდის დასაწყისში ყველა ვთანხმდებოდეთ მინიმალური ეთიკის ნორმებზე და სიძულვილის და შეურაცხყოფის ენისგან თავშეკავებაზე”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.