„გვერდში გვყავს გავლენიანი სახელმწიფო, რომელიც აშინებს რუსეთს“ – რატომ არ იყენებს რესურსს თბილისი

08-07-2022 11:14:36 ინტერვიუ

უკრაინა ყველგან ეძებს მოკავშირეებს, რომლებიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ჩვენ გვერდში გვყავს გავლენიანი სახელმწიფო, რომელიც გარდა ჩინეთისა, ყველაზე მეტად აშინებს რუსეთს და ჩვენ მას არ ვიყენებთ! – უზიარებს საკუთარ დაკვირვებას „აქცენტს“ კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი და ასკვნის, რომ სწორედ მსგავსი მიდგომაა მმართველი გუნდის პრორუსული პოლიტიკის #1 დასტური, ხოლო რუსეთის შიშებთან დაკავშირებით ყოფილი სახელმწიფო მინისტრი საკუთარ ხედვას შემდეგი არგუმენტებით ამყარებს:

    • 100 წლის წინ თურქეთი რუსეთმა განდევნა კავკასიიდან „ყარსის ხელშეკრულებიდან“ გამომდინარე, ახლა კი ის ბრუნდება. თურქეთი აქტორი გახდა იქ, სადაც რუსეთს აქვს ინტერესები და განიხილავდა თავის „უკანა ეზოდ“. ანკარა გავლენიანია რეგიონში უპირველესად, აზერბაიჯანიდან გამომდინარე – ბაქო ანკარის მოკავშირეა და სწორედ თურქეთის მხარდაჭერით მოხერხა მან ყარაბაღის მიმართულებით საკუთარი ინტერესების აბსოლუტურად თუ არა, მაქსიმალურად რეალიზება. რუსეთმა ვერ დაიცვა სომხეთი (ამის გამო სომხეთში განაწყენება რჩება, უბრალოდ, სხვა მოკავშირეს ვერ ხედავენ) და აშკარად გამოჩნდა, რომ მოსკოვმა ამ შემთხვევაში ანკარას გაუწია ანგარიში. სომხეთი ანკლავია, არანაირად არ არის სტრატეგიული მნიშვნელობის რუსეთისთვის, გარდა იმისა, რომ იქ სამხედრო ბაზები აქვს. აზერბაიჯანს კი უამრავი გასასვლელი აქვს, მათ შორის, გასასვლელი აქვს კასპიის ზღვაზე, მდიდარია და გაძლიერდა სწორედ რომ თურქეთით. რუსეთი 30 წლის განმავლობაში ვერ ეხმარებოდა ბაქოს ყარაბაღის საკითხში, თურქეთმა კი რამდენიმე თვეში შეუქმნა მხარდაჭერის განცდა და გააძლიერა არა მხოლოდ იარაღით, დიპლომატიური და პოლიტიკური თვალსაზრისით.
    • უკრაინაშიც ვხედავთ, თუ რამდენად ანგარიშგასაწევი ძალაა თურქეთი: უკრაინა თურქული „ბაირაქტარებით“ ანადგურებს რუსულ ტექნიკას, რუსეთი კი ხმას არ იღებს, მეტიც, თურქეთის ტერიტორიაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, რამდენად ეფექტურად, სხვა საკითხია, მაგრამ ჩადიან, ხვდებიან, მოლაპარაკებებს აწარმოებენ;
    • თურქეთი რუსეთისთვის აშკარად ანგარიშგასაწევი ძალაა სირიაში;
    • თურქეთს გადის ევროკავშირზე, ისლამურ სამყაროზე, ერაყზე, ირანზე, ხმელთაშუა ზღვაზე, შავ ზღვაზე, კავკასიონზე, ინტერესები აქვს ცენტრალურ აზიაში – თურქმენეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთის მნიშვნელოვანი ნაწილი თურქულენოვანია. ამდენად, თურქეთს მათზე გასასვლელი სჭირდება, რუსეთი მას არ „გაატარებს“ ცენტრალურ აზიაში და არც ირანი (მას თავისი შიიტური ინტერესები აქვს), ამიტომ ერთადერთი დერეფანი საქართველოა;
    • საქართველო არაა თურქულენოვანი, არც იმგვარი ინტერესები აქვს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, როგორიც რუსეთსა და ირანს და არ კვეთს თურქეთის ინტერესებს, მას მხოლოდ მშვიდობა უნდა. ამასთან, საქართველოა ერთადერთი სახელმწიფო თურქეთთან ერთად, რომელიც წარმოდგენილია შავ ზღვაშიც და კავკასიაშიც. აზერბაიჯანს და სომხეთს არ აქვთ შავ ზღვაზე გასასვლელი, უკრაინა არაა კავკასიაში, ამდენად, მხოლოდ ჩვენ ორნი (საქართველო და თურქეთი) ვართ ორივეგან. ამიტომ, რუსეთს ძალიან სჭირდება, რომ საქართველო–თურქეთის ალიანსი არ არსებობდეს! წარმოიდგინეთ, რომ ყოფილიყო აზერბაიჯან – საქართველო – თურქეთ – უკრაინის პოლიტიკურ–სამხედრო ალიანსი, სულ სხვა მოცემულობა იქნებოდა.

„გეოპოლიტიკურად ვერ ვიყენებთ თურქეთს და ამის ნაწილია უფრო ფართო გაგებით, რომ ვერც ნატო–ში გაწევრიანების კუთხით ვიყენებთ მას. უკრაინა ეძებს უსაფრთხოების გარანტორებს, ყაზახეთმა ჩინეთი „იპოვა“ და ხედავთ, რაოდენ პრინციპული გახდა რუსეთის წინააღმდეგ (ეს აშკარად ჩინური კონტექსტია. ყაზახები და ყირგიზები ნახევრად ჩინური მენტალობის ხალხია და ურთიერთობა არ უჭირთ), ჩვენ რატომ ვერ ვბედავთ, თურქეთი ამოვიყენოთ გვერდში მოკავშირედ, როგორც გარანტორი რეგიონული უსაფრთხოებისა, რათა რუსეთმა ანგარიში ჩვენც გაგვიწიოს?! ელემენტარული რამაა საჭირო, ვკითხოთ თურქეთს, რა ფორმით დაგვეხმარება, თუ ჩვენ პირისპირ აღმოვჩნდებით რუსეთთან? მე პასუხები მაქვს, ვსაუბრობ თურქეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ადგილობრივ ექსპერტებთან და მათ აქვთ მკაფიო ხედვები ნატო–ში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით, მათ მეგობრობა სურთ, მაგრამ ჩვენგან არ ჩანს ინიციატივები. გაიძახიან [„ქართული ოცნება“ – რედ.], „ომი იქნებაო“, რაც ბლეფია, მაგრამ თუ ამით გვაშინებენ, ამოიყენონ გვერდში ძლიერი მოკავშირე არა ომის კონტექსტში, არამედ სწორედ რომ ომის პრევენციისთვის!“,– განმარტავს კონფლიქტოლოგი და დასძენს, რომ თურქეთზე დუმილი, რომელიც ანგარიშგასაწევი გახდა ორივე ფრონტზე, სადაც რუსეთს ჰქონდა ინტერესები (უკრაინა, ყარაბაღი) და მისი გამოუყენებლობა რეგიონულ, გეოპოლიტიკურ კონტექსტში, სწორედ რომ მკაფიოდ პრორუსული პოლიტიკის გამოვლინებაა.

ექსპერტთა ნაწილი ერთ–ერთ შესაძლებლობად განიხილავდა თურქეთის მიერ საქართველოს სტრატეგიული მიზნის ლობირებას მათ შორის შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების ანკარის მხრიდან ბლოკირების კონტექსტში. კერძოდ, იყო ვერსია, მათ შორის საქართველოც ქცეულიყო თურქეთის ერთ–ერთ პირობად. „გატესტვად ღირდა“ – ამბობს „აქცენტთან“ საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრი, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი: უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროკავშირის მიმართულებით ახალი მოცემულობის შექმნა განაპირობა და მოგვეცა შესაძლებლობა, მიგვეღო ის, რასაც მანამდე ვერც კი ვინატრებდით. აქ ლოკომოტივი უკრაინა იყო, მაგრამ ნატოს მიმართულებით უკრაინა მსგავს როლს ვერ მოირგებდა –ეს ავტომატურად გამოიწვევდა ნატო–ს ჩართვას რუსეთთან ომში, რისგანაც მთელი მსოფლიო თავს იკავებს, რათა პროცესები მესამე მსოფლიო ომში არ გადაიზარდოს. შესაბამისად, უკრაინა ნატო–ში ფორსირებულად გაწევრიანების საკითხს გამოეთიშა, რაც შეეხება მოლდოვას, მისთვის ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას – ნეიტრალური ქვეყანაა და არ შედის სამხედრო ალიანსებში. ამდენად, ამ მოცემულობაში ხსენებული ტრიოს კონცეფცია ნატო–ში გაწევრიანების თვალსაზრისით არ იყო რელევანტური. მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ფინეთსა და შვედეთში გამოიწვია პოლიტიკის გადააზრება. მთავარი მიზეზი გახლდათ ის, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნები არიან და უშუალო საფრთხე ემუქრებათ. სწორედ ამ კონტექსტის წარმოჩენა იყო აუცილებელი, განსაკუთრებული პედალირება და მცდელობა, მათთან ერთად განხილულიყო ჩვენი საკითხი. თურქეთი ამ კონტექსტში ჩვენი დამატებითი რესურსი იქნებოდა. ვფიქრობ, საკითხი რომ დაგვეძრა, ბალტიისპირეთის და ვიშეგრადის ქვეყნები – პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი – აუცილებლად დაგვიჭერდნენ მხარს. რამდენად გადაწყდებოდა საკითხი ჩვენს სასარგებლოდ, რთული სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, იმდენად რთული სიტუაცია იყო, რომ ბოლომდე უარს ვერ გვეტყოდნენ (ეს ძალიან ნეგატიური სიგნალი იქნებოდა რუსეთის კონტექსტში), მაგრამ დანაკარგი არ გვექნებოდა: შესაძლებელი იყო, უარეს შემთხვევაში, მიგვეღო ზრდილობიანი უარი და დავრჩენილიყავით იქ, სადაც ვართ, საუკეთესო შემთხვევაში – წევრობა, საშუალო შემთხვევაში – მძიმე კონტექსტის გათვალისწინებით უარს ვერ გვეტყოდნენ და მივიღებდით რაღაც უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე გვაქვს. ცხადია, თეორიულად ვსაუბრობ, მაგრამ ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა, დიპლომატიური ეტაპი არ გამოვიყენეთ. ვიმეორებ, რამდენად გამოვიდოდა, რთული სათქმელია, მაგრამ ის, რომ ვთქვით, „ამ ეტაპზე საკითხს დღის წესრიგიდან ვხსნითო“, ფაქტია. დავაპაუზეთ!

– ანუ ნატო–ში ინტეგრაცია ამ ეტაპზე დაპაუზებული გვაქვს...

– ის განცხადება [პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველომ ჯერ ტერიტორიული პრობლემა უნდა გადაწყვიტოს და შემდეგ გახდეს ალიანსის წევრი – რედ.] დაპაუზება იყო.

– და მოტივაცია რა შეიძლება იყოს? ფაქტობრივად, ვეტო–ს უფლება მივეცით რუსეთს...

– ვეტო–ს უფლება ფაქტობრივად, საფრანგეთმა და გერმანიამ მისცეს [რუსეთს – რედ.] თავის დროზე – სკეპტიკოსმა ქვეყნებმა.

– განწყობები იცვლება. თუ ადრე ჩვენ გვიწევდა მტკიცება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ და ამ მიმართულებით რესურსის ხარჯვა, ახლა ამას თავადაც აანალიზებენ, ბოდიშებს იხდიან წარსულის შეცდომების გამო და თავადვე საუბრობენ, რომ რუსეთის მეზობლები (და არა მხოლოდ) საფრთხის ქვეშ არიან. ალიანსმა რუსეთი საფრთხედ აღიარა. ანუ ამ მიმართულებით ლობისტების მოძიება და რესურსის ხარჯვა აღარ გვჭირდება. დასავლეთ ევროპა არც ამჟამად იყო ენთუზიაზმით განწყობილი, ჩართულიყო პროცესებში, მათ შორის, არც ევროკავშირის კონტექსტში ცვლილებებისთვის, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგობამ, შექმნილმა მორალურმა წნეხმა აიძულა ისინი, საკუთარი პოლიტიკა გადაეხედათ...

– დიახ, ჩვენ ისინი მსგავსი მორალური არჩევანის წინაშე ნატო–სთან მიმართებით არ დავაყენეთ, რაც ვფიქრობ, შეცდომა იყო. მცდელობა მაინც უნდა გვქონოდა, მცდელობა, „გაგვეტესტა“. ვიმეორებ, არ ვიცი, ეს მცდელობა წევრობას მოგვცემდა თუ არა, მაგრამ ცუდს არაფერს მოგვიტანდა და როგორც მინიმუმ, ვფიქრობ, წინ ერთი ნაბიჯით მაინც წავიწევდით. ეს არ გავაკეთეთ. ამაზე უარესი იყო პრემიერის განცხადება. ქვეტექსტზე შეიძლება, ვიმკითხაოთ, მაგრამ ცალსახად არასწორი იყო ასეთი აქცენტი, რომ ვიდრე კონფლიქტებს არ მოვაგვარებთ, წევრები ვერ გავხდებით, გვესმის, ასეთი აზრი არსებობს და პრინციპში, ვეთანხმებითო – ასეთი იყო იმ განცხადების აზრი.

– ანუ დასავლეთს ყველანაირი წნეხი მოვუხსენით და ხელები ავწიეთ ...

– დიახ. მორალური დილემის წინაშე არ დავაყენეთ. ეს განცხადება იყო ცალსახად დამაზიანებელი საქართველოს სტრატეგიულ მიზნების მისაღწევის კონტექსტში. ასევე დამაზიანებელი იყო, რომ არ ვიმოქმედეთ, ფორსირება არ ვეცადეთ მაშინ, როდესაც თითქოს მკრთალი კონტურები გამოჩნდა – ნატო–ს გაფართოება ძალიან სწრაფად გადაწყდა, საქართველომ კი აქედან ვერც ერთი ბენეფიტი ვერ მიიღო! ეს არის ძალიან მცდარი და არასწორი დამოკიდებულებაა.

– რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიდრე უკრაინაში არ გადაწყდება მომავლის ბედი, რუსეთს დავუდასტურეთ, რომ არ ვაპირებთ ნატო–ში გაწევრანებას, მაგრამ ეს ხომ რეალურად მოვლენების გადავადებაა?

– ეს პროცესის დაპაუზებაა გაურკვეველი ვადით.

– ალიანსში ინტეგრაციის კუთხით დიახ, მაგრამ რუსეთის კონტექსტში ვკითხულობ. საკუთარი (და არა მხოლოდ) გამოცდილებით ვიცით, რომ როდესაც მიზნისკენ მიდიხარ, რუსეთი არ გიტოვებს არჩევანს, ომი გინდა თუ მშვიდობა, ის მოქმედებს ისე, როგორც სურს. შესაბამისად, მმართველი გუნდის ამგვარი ქმედება არის საფრთხის უბრალოდ გადავადება?

– დაახლოებით კი. მე უფრო დაპაუზებას ვუწოდებ, თქვენ – გადავადებას. ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, ახალი ოკუპაცია რუსეთისთვის განსაკუთრებულის არაფრის მომტანია, გარდა ხარჯებისა, რადგან რუკას რომ დავხედოთ, სტრატეგიული სიმაღლეები ისედაც დაკავებული აქვს და შეუძლია, საქართველოს ფინანსურ–ეკონომიკური რისკები შეუქმნას. ამაზე მეტის დახარჯვა რად უნდა? ჯავახეთი რომ აიღოს, აჭარა, თბილისი... ამას დამატებით უზარმაზარი რესურსი სჭირდება. ამდენად, კონკრეტული ომის განახლების საფრთხე მინიმალური იყო. ამასთან, გამოჩნდა შესაძლებლობის მომენტი, რომელიც არ გამოვიყენეთ, რაც პრინციპულად არასწორი იყო. იმის ნაცვლად, რომ ნატოში საკითხის ფორსირება მოგვეხდინა, დავაპაუზეთ! „არაფერი არ გვიდა, მხოლოდ იგივე გაიმეორეთო“ – ეს იყო ჩვენი პოზიცია მადრიდის სამიტზე. ამის უკან რა იმალება, ამაზე მხოლოდ მსჯელობა შეგვიძლია და შესაძლოა, ყველამ თავისებურად იფიქროს – ეს შეიძლება, გადაჭარბებული სიფრთხილეც იყოს, კონკრეტული მუქარები, გაბრაზება უკრაინაზე, გაბრაზება დასავლეთზე...

– როდესაც ქვეყნის ბედი გაბარია, გაბუტვა უმწიფარი ქცევა ხომ არ არის?!

– აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ფაქტორებიც არსებობს.

– რისი იმედი აქვთ? იმის, რომ რუსეთიდან მორიგ მადლობას მოვისმენთ და დროებით შეგვეშვებიან?

– არ ვიცი. ვფიქრობ, გრძელვადიანი გეგმა არ არსებობს. რთული ვითარება გადავაგოროთო – დაახლოებით, ამ მიდგომას ვხედავ, მეტს ვერაფერს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები