
პრეცედენტი „სუს–ის ფაილების“ საქმეში: რას ცვლის პროკურატურის გადაწყვეტილება
08/07/2022 14:32:26 სამართალი, საზოგადოება
8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს სავარაუდო ფარული მიყურადების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მასშტაბურ საქმეში ჯერ–ჯერობით პირველი შემთხვევა, შესაბამისად, პრეცედენტია. საუბარია გასული წლის სექტემბერის სკანდალზე, როდესაც ინტერნეტში მოხვდა სავარაუდოდ, სუს–იდან გამოჟონილი ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი – დიპლომატებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქტივისტებს და ა.შ. მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.
გასული წლის 14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, თუმცა შედეგების თაობაზე მას შემდეგ არაფერი გვსმენია. და თუ საქართველოში ევროკავშირის ელჩის ამასწინანდელი მოწოდებით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, არაფერია ცნობილი დიპლომატებისთვისაც, რომლებიც ასევე ფიგურირებენ ფაილებში. კარლ ჰარცელმა ხელისუფლებას დანაპირების, რომ გააცნობდნენ გამოძიების შედეგებს, შესრულებისკენ მოუწოდა. თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი ჩანაწერების ავთენტურობას არ ადასტურებს განსხვავებით სავარაუდო მოსმენის ბევრი მსხვერპლისგან. ხოლო მმართველი გუნდი იმთავითვე შეუდგა სავარაუდო დამნაშავეების მოძიებას ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდში.
საინტერესოა, რომ ფერაძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება პროკურატურამ მალევე მიიღო, რაც აქტივისტმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იჩივლა.
„ძალიან უცნაურია ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარდგენიდან მალევე მოხდა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ საკითხზე ეროვნული წარმოების დროსაც აქტიურად ვამახვილებდით ყურადღებას“,– ამბობს „აქცენტთან“ საია–ს იურისტი დავით ჯავახიშვილი.
თავდაპირველად პროკურატურამ მოსარჩელეებს უარი უთხრა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, არგუმენტებით, რომ „დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, სახეზე არ იყო დანაშაულის ნიშნები“ და რომ უნდა გამოერკვიათ, იყვნენ თუ არა მომჩივნები ფარული საგამოძიებო მოქმედებების ობიექტები. იურისტებმა პროკურორებს საკუთარი არგუმენტები დაუპირისპირეს, მათ შორის, ის, თუ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ზოგადად რამდენად მიესადაგება დაზარალებულის სტატუსის შეფასების კრიტერიუმებს; რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი არ არის კონკრეტული ბრალდებულის არსებობა და რომ თუნდაც კონკრეტულ შემთხვევაში ლეგიტიმური ყოფილიყო მიყურადება, სრულიად უკანონობას წარმოადგენდა საუბრის იმ შინაარსის შენახვა, რომელიც ე.წ. „კრებსებში“ მოხვდა; ამასთან, ორგანო, რომელსაც ფარული მიყურადების შემდეგ მიყურადების ობიექტისთვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია, სწორედ რომ პროკურატურა იყო, თუმცა ეს საკითხი იმ დროისთვის, როდესაც პროკურატურა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარს აცხადებდა, ორგანოს გამორკვეული არ ჰქონდა.
რა შეიცვალა იმ მომენტიდან 8 ივლისამდე, რა გარემოებებით იხელმძღვანელა პროკურორმა, ნიშნავს თუ არა ეს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ფარული მიყურადების არსებობის აღიარებას უშუალოდ ფერაძის ნაწილში, სავარაუდოდ, საქმის მასალებიდან უნდა გაირკვეს, რომლის გაცნობის იმედიც იურისტებს მომავალი კვირისთვის აქვთ. ყოველ შემთხვევაში ფერაძეს და მის კანონიერ წარმომადგენელს სტატუსი უკვე აძლევთ საქმის მასალებზე წვდომის უფლებას.
„პროკურორმა საკუთარი დადგენილებით მიიჩნია, რომ ეს არის პირი, რომლის მიმართაც შესაძლოა, ჩადენილ იქნა დანაშაული, რომელსაც მიადგა კონკრეტული სახის ზიანი დანაშაულის შედეგად. დანარჩენო მომავლის საკითხია.
განმცხადებლები შეძლებენ, უფრო დეტალურად დააკვირდნენ გამოძიების პროცესს, რამდენად თანმიმდევრულად მიმდინარეობს ის, არის თუ არა ხარვეზები, მეტი ხარისხით შეძლებენ მონაწილეობის მიღებას სისხლის სამართლის პროცესს“,– განმარტავს იურისტი.
თავად ნატა ფერაძე თვლის, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებაზე სტრასბურგისადმი მიმართვამ იქონია ზეგავლენა და ვიდრე პრაქტიკის შესაბამისად, ევროსასამართლო მიმართავს ქართულ მხარეს შესაბამისი კითხვები, პროკურატურამ „ბუტაფორიულად“ დაიწყო საქმის კვლევა.
„გამოვითხოვთ მასალებს და აუცილებლად მივყვებით ბოლომდე!“,– ასეთია აქტივისტის განწყობა.