
რუსეთი ბიჭვინთას იფორმებს
09/07/2022 20:55:14 კონფლიქტები
აფხაზური მიწებით სამუდამოდ სარგებლობის უფლება მოსკოვისთვის საკმარისი არ აღმოჩნა. კრემლი მათი სტატუსის შეცვლასა და რუსეთის საკუთრებაში გადაცემას მოითხოვს. ამჯერად 12-წლიანი ისტორიის მქონე საკითხი გადაჭრითაა დასმული. “სამთავრობოთაშორისო შეთანხმების” განახლებული ტექსტი აფხაზურ “პარლამენტს” უკვე წარედგინა და როგორც ჩანს, საქმის დასრულებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება.
საუბარია მიმდინარე წლის 19 იანვრის დოკუმენტის - “აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის საკუთრებაში გადაცემისა და მისით სარგებლობის წესის შესახებ სამთავრობოთაშორისო შეთანხმების” ახალ ტექსტზე. დოკუმენტის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო აგარაკების კომპლექსი ბიჭვინთაში და КГБ-ს მე-9 სამმართველოს სამხედრო ქალაქი ბიჭვინთა-მიუსერის ბიოსფერულ ნაკრძალში მასზე არსებული სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებითურთ, ჯამში – 186 ჰა ელიტური მიწა. ამასთან, შეთანხმების ტექსტში კონკრეტული ობიექტები და მიწის ნაკვეთების ფართობები მითითებული არაა, თუმცა ნათელია, რომ სახმელეთო ტერიტორიების გარდა, რუსეთს საკუთრებაში შიდა საზღვაო წყლების ნაწილიც გადაეცემა.
“საქმე გვაქვს თანამედროვე პრაქტიკისთვის იშვიათ შემთხვევასთან - ერთი სახელმწიფოს უძრავი ქონების მეორეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემასთან მასზე ექსტერიტორიულობის პრინციპის გავრცელებით იმ მიზნით, რომელიც დიპლომატიურ ურთიერთობებს არ უკავშირდება. ხსენებული შეთანხმება წინააღმდეგობაში მოდის აფხაზურ კანონმდებლობასთან” – აცხადებს აფხაზი იურისტი საიდ გეზერდავა, რომელმაც თავის Facebook-გვერდზე დოკუმენტის ტექსტისადმი მთელი რიგი შენიშვნები გამოაქვეყნა. ასე, მაგალითად, იურისტის აზრით, აუცილებელია, შეთანხმების მე-5 პუნქტში დაზუსტდეს ნაკრძალის ტერიტორიაზე კაპიტალური მშენებლობის შესაძლებლობა, ასევე ეკოსისტემისთვის ზიანის მიყენების დაუშვებლობა. გარდა ამისა, პროექტის თანახმად, რუსეთის სახელმწიფო ორგანოებს უფლება ეძლევათ, ობიექტის ტერიტორიაზე “სახელმწიფო ღონისძიებები აფხაზეთის ხელისუფლების ორგანოების საქმის კურსში ჩაყენებისა და მონაწილეობის გარეშე” განახორციელონ, რაც, გეზერდავას აზრით, “რესპუბლიკის ტერიტორიული უზენაესობის რღვევას გამოიწვევს”. მეტიც, “შეთანხმებით” გათვალისწინებულია, რომ “აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოებს ობიექტის ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების ნებართვით შეეძლებათ”, რაც, იურისტის შეფასებით, “აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებს არღვევს და შესაცვლელია”.
ერთი სიტყვით, ტექსტი საშინელია, ყოველგვარ ზღვარს სცდება. რაც მთავარია, საერთოდ გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი? თავდაპირველი – ჯერ კიდევ ვლადისლავ არძინბას მმართელობისას ხელმოწერილი შეთანხმება ხომ რუსეთს სამუდამო სარგებლობის უფლებას ანიჭებდა! თუმცა მოსკოვმა რამე მოინდომოს და საბაბს ყოველთვის პოულობს – თუნდაც ალოგიკურს, თუნდაც გამოგონილს, თუნდაც სასაცილოს, მთავარი მიზანია. ახლაც მან, რბილად რომ ვთქვათ, ორიგინალური საბაბი იპოვა: აქაოდა, საკუთრებაში გადაცემის გარეშე ინვესტირებას ვერ განვახორციელებო.
აფხაზური ოპოზიცია მსგავს შეთანხმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, თვლის რა, რომ ეს არაა არგუმენტი აფხაზეთის მიერ 186 ჰა საუკეთესო მიწის ვინმეს საკუთრებაში გადასაცემად – თუნდაც ეს “სტრატეგიული მეგობარი” იყოს. “ეს არაა რუსეთი თავისი უკიდეგანო ტერიტორიით, ეს პატარა აფხაზეთია, რომლის სანაპირო ზოლი სულ 200 კმ-ს შეადგენს” – განმარტავს თავის პოზიციას “დეპუტატი” კან ქვარჩია.
წინააღმდეგია მოსახლეობაც. «რუსეთი იმდენადაა დარწმუნებული აფხაზეთზე თავის აღმატებულებაში, რომ სინდისის ქენჯნის გარეშე გვაიძულებს ჩვენი სახელმწიფოსთვის გამანადგურებელი დოკუმენტების ხელმოწერას» - აღშფოთებულები წერენ სოცქსელების აფხაზური სეგმენტის მომხმარებლები.
კვლავინდებურად წინააღმდეგია “აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატაც”, რომელმაც “შეთანხმების” ახალი ტექსტი ამ დღეებში დახურულ რეჟიმში განიხილა მას შემდეგ, რაც გაგრისა და ბიჭვინთის “საკრებულოებმა” შეშფოთებულებმა მიმართეს ხსენებულ ტერიტორიაზე გაურკვეველი სამშენებლო სამუშაოების დაწყების გამო. ისევე, როგორც წინა ჯერზე – ჯერ კიდევ 2010 წელს, “საზოგადოებრივი პალატის” საბჭომ რეკომენდაცია მისცა “პარლამენტის” წევრებს, სამართლებრივი ექსპერტიზისა და შესაბამისი მოსმენების გარეშე საკითხი სესიაზე განსახილველად არ გაეტანათ.
თუმცა პროფილური – “საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის” წევრებმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით საკითხი უახლოესი სესიის დღის წესრიგში მაინც შეიტანეს.
მათთვის, ვინც საკითხის პრედისტორია არ იცის, აღვნიშნავ, რომ ბიჭვინთის ელიტურ მიწებზე პრეტენზიას მოსკოვი დიდი ხანია, აცხადებს და მათი დაკარგვის რისკით გამოწვეული შეშფოთება აფხაზეთში ამჟამინდელ პერიპეტიებზე ბევრად ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ წლების წინ რუსმა სამხედროებმა ბიჭვინთაში რამდენიმე ჰექტარი მიწა მიითვისეს, ხოლო რაკი სათანადო წინააღმდეგობას არ წააწყდნენ, მადა გაეზარდათ, მეტის მითვისება მოინდომეს და სანაპირო ზოლს დასახლებული ტერიტორიაც მიამატეს ადგილობრივთა სახლებითურთ. წამში გაჩნდა მავთულხლართი და საკონტროლო-გამშვები პუნქტი. მოსახლეობას მისი ნების საწინააღმდეგოდ შეუცვალეს ჩაწერის ადგილი და მიტოვებულ საერთო საცხოვრებლებში გაამწესეს. რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის კავკასიური ბიუროს თანამშრომლების ამ უმსგავსო მოქმედების მიმართ ყურადღების მიპყრობას დრო დასჭირდა, თუმცა მერეც მოსახლეობამ დიდს ვერაფერს მიაღწია. რუსულმა ძალოვანმა უწყებამ, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტ პუტინს ექვემდებარება, არათუ უკან არ დაიხია, შემდგომ წლებში გულმოდგინედ ზრდიდა მიტაცებული მიწების ფართობს.
გასული წლის ზაფხულში, როცა აფხაზურ “პარლამენტს” წარუდგინეს “შეთანხმების” პროექტი, რომელიც რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურისთვის 1 პირობით რუბლად “ბიჭვინთის” სახელმწიფო აგარაკის (184 ჰა საერთო ფართის მიწის ნაკვეთისა და აკვატორიის მოსაზღვრე მონაკვეთის, ანუ, ფაქტობრივად, ბიჭვინთის მთელი აღმოსავლეთ ნაწილის) გადაცემას ითვალისწინებდა, ვითარება უკიდურესად დაიძაბა. თავის საჯარო გამოსვლებში რიგმა საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა პირველად გაბედეს, რუსეთის ქმედებები “აფხაზური მიწების მიტაცებად” შეეფასებინათ.
გასული წლის ბოლოს კი აგორდა მორიგი სკანდალი, ამჯერად – ბიჭვინთის სანაპიროსა და ფიჭვნარის სიახლოვეს მდებარე 45 ჰა მიწის ირგვლივ. საუბარი იყო 5-ვარსკვლავიანი სასტუმროსა და აპარტამენტების მშენებლობის პროექტზე, რომლის პრეზენტაციას “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია, “პრემიერი” ალექსანდრე ანქვაბი, “პარლამენტისა” და “მთავრობის” წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პროექტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტკაჩოვმა მადლობა გადაუხადა აფხაზეთის პირველ პირებს “რუსული მხარისთვის მიცემული თანხმობის გამო” და იქვე წამოსცდა, რომ “მოხერხდა 45 ჰა უნიკალური ტერიტორიის გამოსყიდვა”. ეს – მაშინ, როცა აფხაზეთის “კონსტიტუციაც” და “სამოქალაქო კოდექსიც” მიწას ხალხის საკუთრებად განსაზღვრავს და მის შეძენა-გასხვისებას კრძალავს. “გვარწმუნებდნენ, გაყიდვაზე არაა საუბარი, საუბარი ინვესტორების მოზიდვაზეაო. რეალურად კი, მიდის მიწით ვაჭრობა კოლოსალურ მასშტაბებში. აფხაზეთი აუქციონზეა გატანილი», – აღშფოთებული იყო აფხაზური საზოგადოება.
თუმცა “სტრატეგიულმა მეგობარმა” აფხაზეთში საკუთარი ინტერესების გატარება - სხვადასხვა საბაბით მიწების მითვისება განაგრძო. და ბიჭვინთა მის სიაში ერთადერთი “მსუყე ლუკმა” როდია. ლიძავა, გალის რაიონი, ტყვარჩელის, გულრიფშისა და გაგრის რაიონების ცალკეული მთიანი ტერიტორიები, სადაც რუსებმა გაურკვეველი დანიშნულების შენობების აგება წამოიწყეს, - მოსკოვის მიერ მისაკუთრებული მიწების ჩამონათვალი ყოველწლიურად იზრდება.
იმავე 2021 წელს, მაგალითად, აგორდა სკანდალი რუსების მიერ სოფელ აიბღაში ხიდის უნებართვო მშენებლობის გამო. შემდგომში გაირკვა, რომ რუსეთს ეს სოფელი რეესტრში უკვე თავის საკუთრებად ჰქონდა გაფორმებული. ამ ამბის გახმაურების შემდეგ მოსკოვი სოხუმს რეესტრიდან შესაბამისი ჩანაწერის ამოღებას დაჰპირდა, თუმცა პირობა არათუ არ შეასრულა, პირიქით, რეესტრში აფხაზური სოფლის მთელი უძრავი ქონებაც ჩაამატა, მიშენებებისა და ბოსლების ჩათვლით.
აიბღას ირგვლივ აჟიოტაჟის გათვალისწინებით, ბიჭვინთაში ღიად მოქმედება რუსეთმა, როგორც ჩანს, მიზანშეუწონლად ჩათვალა და ამჯობინა, ჩუმად შეთანხმებულიყო დე ფაქტო ხელისუფლებასთან დაცვის ფედერალური სამსახურისთვის უზარმაზარი ტერიტორიისა და სანაპირო ზოლის გადაცემაზე. ეს “ჩუმად” კი მოიცავდა არა მარტო ხალხის ზურგს უკან მოქმედებას, არამედ პირდაპირ შანტაჟსაც. «თუ უახლოეს ხანებში ტერიტორია რუსეთს საკუთრებაში არ გადაეცემა, მოგვივა დიდი ანგარიში ელექტროენერგიის მოწოდებისთვის, მივიღებთ კოლაფსს რუსეთთან საზღავრზე, ასევე საინვესტიციო პროგრამის, სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების, საწვავისა და ბევრი სხვა რამის მოწოდების შეწყვეტას. ამდენად, არჩევანი მარტივია, განსაკუთრებით – ახლა, როცა ჩვენი რესპუბლიკა უმძიმეს პერიოდს გადის» - გაგვიმხილა მაშინ პირად საუბარში აფხაზეთის “პრეზიდენტის ადინისტრაციის” წარმომადგენელმა. ხოლო ოდნავ მოგვიანებით ეს შანტაჟი ირიბად დაადასტურა თავად “პრეზიდენტმა” ბჟანიამაც, განაცხადა რა, რომ რუსეთის დაცვის სახელმწიფო სამსახურისთვის მიწების გადაცემის საკითხი “პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირადად დააყენა დღის წესრიგში”.
რაკი პირადად პუტინმა დააყენა, რაღა მნიშვნელობა აქვს აფხაზური საზოგადოების პოზიციას?! - ასე თვლიან, როგორც ჩანს, არა მარტო მოსკოვში, არამედ უკვე ბჟანიას გუნდშიც. აფხაზეთის “სტრატეგიული მეგობარი” ეცდება, ადგილობრივთა წინააღმდეგობის მიუხედავად, თავისას მიაღწიოს. და როგორც ჩანს, აფხაზური “პარლამენტის” ახალი შემადგენლობა, რომელშიც მოსკოვის წნეხის ქვეშ "გამტყდარ" ბჟანიას გუნდს გაცილებით მეტი “თავისი კადრი” ჰყავს, მზადაა, კრემლს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმაროს.
ეკა ცანავა