
ევროპარლამენტარი – ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეებს: "დაძლიეთ შიშები, ემსახურეთ სიმართლეს და არა ოლიგარქს"
11/07/2022 17:17:06 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება
"ემსახურეთ სიმართლეს და არა ოლიგარქს", – ასე მიმართავს ევროპარლამენტარი მაკლ გალერიმთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკ. გვარამიას საქმის მოსამართლეებს.
მისი თქმით, "კანონი უნდა იყოს უზენაესი და მმართველი პარტია ან ჩრდილში მყოფი ადამიანები არ უნდა მართავდნენ სასამართლოს".
"ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც აშკარად შეთითხნილია და არც სასამართლოს სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოყენება მმართველი პარტიის მიერ. ეს პრობლემაა და ამიტომ ჩვენი გზავნილი მკაფიოა –კანონი უნდა იყოს უზენაესი და მმართველი პარტია ან ჩრდილში მყოფი ადამიანები არ უნდა მართავდნენ სასამართლოს. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რა ეჭვებია ჩვენი მხრიდან და ასევე რა მოთხოვნებია. მე არ მინდა ახლა სპეკულირება, თუ როგორი იქნება შედეგი. ივანიშვილსა და ნიკას შორის არიან მოსამართლეები და მათაც უნდა იფიქრონ, როგორი მომავალი უნდათ რომ ჰქონდეთ დემოკრატიულ საქართველოში, რომელიც მტკიცედ ადგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. მათაც უნდა აჩვენონ ყველას, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. მესმის, რომ მათ შეიძლება ეშინოდეთ ამის, მაგრამ ეს შიშები უნდა დაძლიონ. მოსამართლემ უნდა გააკეთოს ის, რაც სამართლიანია და არა ის, რასაც უბრძანებენ და მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ მოსამართლეებს, რომ სიმართლეს ემსახურონ და არა ოლიგარქს, რომელიც ანაქრონიზმად იქცა თანამედროვე საქართველოში", – განაცხადა ევროპარლამენტარმა "მთავარ არხთან" საუბრისას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 19 ივლისისთვის ჩაინიშნა.
ნიკა გვარამია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში არის დამნაშავედ ცნობილი და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.