13-07-2022 15:00:40 პოლიტიკა
ევროკომისია 2023 წლისთვის მოამზადებს შეფასებას, როგორ ასრულებს საქართველო გაწერილ 12 რეკომენდაციას. ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის განხილვისას გახდა ცნობილი.
კერძოდ, ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაელ რუპმა განაცხადა, რომ "ფრთხილი განხილვების" შემდეგ გადაწყვიტეს, რომ არ უნდა "დააჩქარონ ქართული პოლიტიკური ელიტა ქვეყნის დეპოლიტიზებისას, საერთო მაგიდასთან დაჯდომისას, რათა სიღრმისეულად იმუშაონ რეფორმებზე".
"როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ჩვენ მოვამზადებთ ანგარიშს, თუ როგორ არის შესრულებული გაფართოების პაკეტში გაწერილი პრიორიტებები 2023 წლისთვის. ეს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს მისცემს, რათა სიღრმისეულად იმუშაოს აღნიშნულ პრიორიტეტებზე", - განაცხადა რუპმა
ევროკომისიის წარმომადგენელმა დღევანდელ განცხადებაში ბოლო ვადად 2023 წელი დაასახელა, თუმცა თვე არ დაუკონკრეტებია.
ცნობისთვის: 23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.
ევროკომისიამ 12 პრიორიტეტის შესრულების ვადად თავდაპირველად 2022 წლის დეკემბერი დაასახელა და მიუთითა, რომ ევროკომისია „მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების განხორციელების პროცესში და გააკეთებს მოხსენებას 2022 წლის ბოლოსთვის“.