Accentnews.ge
ევროკავშირი ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

ევროკავშირი ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

19/07/2022 06:06:58 მსოფლიო

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ ბლოკის წევრები შეთანხმდნენ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე.

პეტრ ფიალამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჩრდილოეთ მაკედონიამ გადაჭრა ხანგრძლივი დავა ევროკავშირის წევრ ბულგარეთთან, ენობრივ და ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ბლოკავდა სკოპიესთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.

"ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე! ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოებისკენ“, - დაწერა ფიალამ სოციალურ ქსელში.

ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერები დღეს ბრიუსელში პეტრ ფიალას შეხვდებიან, რათა განიხილონ შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2004 წელს წარადგინა, კანდიდატის სტატუსი კი, 2005 წელს მიიღო. ალბანეთმა განაცხადი შეიტანა 2009 წელს და კანდიდატის სტატუსი მიენიჭა 2014-ში. ორივე ქვეყანა ნატოს წევრია.

ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც იუგოსლავიის დაშლის შემდეგ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა, ნატოსა და ევროკავშირში შესვლის გზაზე წინააღმდეგობა შეხვდა საბერძნეთისა და ბულგარეთისგან. საბერძნეთმა, რომელსაც ისტორიული ოლქი, მაკედონია აქვს, ნატოში ქვეყნის მიღებას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც 2019 წელს, მათ შორის შეთანხმება გაფორმდა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა დათანხმდა ახალ სახელწოდებას, ჩრდილოეთ მაკედონიას. ევროკავშირში მის გაწევრებას აფერხებდა ბულგარეთთან უთანხმოება, მათ შორის, ჩრდილოეთ მაკედონიაში მცხოვრები ბულგარელების ეთნიკურ უმცირესობად აღიარების საკითხში.

16 ივლისს, ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საფრანგეთის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ბულგარელების ეთნიკურ უმცირესობად აღიარებას და მათი უფლებების დასაცავად კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S