
"ტვ პირველის“ დამფუძნებელი გენერალური პროკურორის დაკითხვას ითხოვს
19/07/2022 17:48:41 სამართალი, საზოგადოება
"ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარინციდენტთან დაკავშირებით გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის დაკითხვას ითხოვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პროკურატურის დატოვების შემდეგ განუცხადა.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, სადაც მასა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა, სავარაუდო თვითმხილველი ირაკლი შოთაძეც იყო.
„როგორც გავიგე პროკურატურაში განცხადება ანრი ოხანაშვილსაც შეუტანია. საქმე გაერთიანებულია და ამ გაერთიანებული საქმის ფარგლებში ვიყავი გამოკითხვაზე. როგორც ვიცი, პირველად მე გამომკითხეს, არც ოხანაშვილი, არც ზარქუა, მგალობლიშვილი და ოდიშარია გამოკითხული არ არის. ასევე არ არიან დაკითხული ჩემი თანმხლები პირები. რაც ვიცოდი, ყველა კითხვაზე ვუპასუხე. გამომძიებელი ძალიან ნორმალური ახალგაზრდა იყო. დანარჩენი ვნახოთ. მთავარია ახლა პროცედურები, რომ ამერიკის საელჩომ ითანამშრომლოს პროკურატურასთან, მიაწოდოს მასალა და ნახოს საზოგადოებამ როგორ ძალადობენ ჩვენი პარლამენტის წევრები ჯგუფურად ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე. იყო კითხვა რას უკავშირებთ ამ ინციდენტსო? - პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს იყო ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე დაგეგმილი, რათა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა და მე შევეშინებინე. აუცილებლად უნდა დაკითხონ შოთაძე და გეტყვით რატომ. თუნდაც ეს ინციდენტი რომ მოხდა, იგი მანქანაში ჯდებოდა და იგი შეიძლება, იყოს ამ თავდასხმის მოწმე. მე რომ ადამიანებს ვხვდებოდი, დაახლოებით, ორ მეტრში იდგა და სავარაუდოდ, მან ეს კომუნიკაცია დაინახა ოხანაშვილთან. აუცილებლად უნდა დაკითხოს გენერალური პროკურორი პროკურატურამ, რადგან იგი იყო ორივე ადგილზე სავარაუდოდ, თვითმხილველი. არა აქვს მნიშვნელობა ამ ქვეყანაში გენერალური პროკურორი ხარ თუ ბიძინა ივანიშვილი, კანონი არის კანონი და უნდა მისცეს ჩვენება რაც დაინახა“, - განაცხადა წერეთელმა.