
"ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ნატო–ს წევრი ქვეყნების დემილიტარიზაციის გეგმა, კიევის აღების შემდეგ რიგში პირველი პოლონეთია"
19/07/2022 18:00:06 მსოფლიო
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ "შექმნილია გრანდიოზული გეგმა ნატო-ს ქვეყნების დემილიტარიზაციის შესახებ".
„გეგმები გრანდიოზულია. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ნატო–ს წევრი ქვეყნების დემილიტარიზაციის გეგმა. კიევის აღების შემდეგ რიგში პირველი პოლონეთი დგას“ , - წერს კადიროვი ტელეგრამ–არხზე.
18 ივლისს კადიროვმა განაცხადა, რომ „რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან შექმნილი სპეციალური დანიშნულების პოლკი ჩრდილოეთი-ახმატის“ დაკომპლექტება დასრულდა.
„ჩვენ ისევ მზად ვართ ბრძანების შესაბამისად წინ წავიდეთ, იოლად ავიღოთ კიევი და ნატო–ს ქვეყნები. ნამდვილ ბრძოლებში გამობრძმედილ ჩვენს ქვედანაყოფებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს მსოფლიოს ვერანაირი არმია. ჩვენი სიძლიერე დასავლეთს ჯერ კიდევ არ ესმის", – ირწმუნება კადიროვი.
კადიროვმა ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ ქმნიდა ჩეჩენი მებრძოლების ახალ ბატალიონებს( ჩრდილოეთი-ახმატი, სამხრეთი-ახმატი, დასავლეთი-ახმატი და აღმოსავლეთი-ახმატი), რომლებიც, მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებდნენ.
ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ უკრაინაში საბრძოლველად 8 ათასზე მეტი სამხედრო პირი, პოლიციელი და მოხალისე გაგზავნეს.
ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, მოხალისეები უკრაინაში იძულებით მიჰყავდათ. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ჩეჩენთა ბატალიონებს უკრაინაში დიდი დანაკარგი ჰქონდათ. კადიროვის ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობას ამ დრომდე არ ასახელებს.