Accentnews.ge
წულუკიანი – ზურაბიშვილზე: "ალბათ, საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს"

წულუკიანი – ზურაბიშვილზე: "ალბათ, საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს"

22/07/2022 12:00:19 პოლიტიკა

საქართველოს ვიცე–პრემიერი თეა წულუკიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებებს ეხმიანება და "საჭიროდ" მიიჩნევს, რომ "პრეზიდენტმა ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს".

"ალბათ, საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს, რადგან მან თქვა ის, რაც მას ძალიან შეასუსტებს დავისას. რეალურად, მეორე მხარეს მისცა არგუმენტები. გაამართლა ის, რასაც ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, რასთანაც საქმე გვქონდა. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და უარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე, თუ მას მიაჩნია, რომ ესა თუ ის ელჩი არის წარუმატებელი. ეს არ არის მისი ფუნქცია. კონსტიტუცია ამას არ არეგულირებს სხვანაირად“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტს არ ესმის, რა არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები ისეთ მოდელში, როგორც საპარლამენტო მოდელია.

„ჩვენ ჯერ ვერ შევიძინეთ ისეთი პრეზიდენტი და ეს არავის ბრალი არ არის, გარდა ჩვენივე თავისა, რომ ვერ ვიყოლიეთ ისეთი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ესმის, რა არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები ისეთ მოდელში, როგორც საპარლამენტო მოდელია. რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით და ბევრი არ გვყოლია ჯერ საპარლამენტო მოდელში, ყველას აქვს გარკვეული კომპლექსი და მე ამას კონსტიტუციურ კომპლექსს დავარქმევდი, რადგან ისინი თავს წარმოაჩენენ კანდიდატებად და უნდათ პრეზიდენტობა, მაგრამ როდესაც ხდებიან პრეზიდენტები საპარლამენტო მოდელში, თვლიან, რომ ეს კონსტიტუცია მათ საქმიანობას გასაქანს სათანადოდ არ აძლევს. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნებოდა 2024 წლისთვის პოტენციური კანდიდატების მიმართ, თუ დააპირებთ ვინმე პრეზიდენტობას, მოდით, ჯერ წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია, რადგან თუ აგირჩევენ პრეზიდენტად, მერე აღარ მოგეწონოს ის უფლებამოსილებები, რომლისთვისაც იბრძოდი, რბილად რომ ვთქვა, არის უცნაური რეაქცია. ბევრი რამის თქმა შეიძლება გუშინდელ ინტერვიუზე ჩემი მხრიდან, მაგრამ ალბათ აქ შევჩერდები, რადგან მართლაც დაუსრულებლად შეიძლება შეფასებების გაკეთება იმ გაუგონარ არგუმენტებზე, პოსტულატებზე, განცხადებებზე, რომელიც მრავლად მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში.

კონსტიტუცია ამბობს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს რამეს. მაგალითისთვის მათ შორის იმას, რომ პრეზიდენტი გახლავთ ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. პირველ რიგში, ეს გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობა იქნებოდა, რომ კი არ შეურაცხყოს, არამედ დაიცვას თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ელჩის ღირსება. ასევე როდესაც ვინმე იმ ეროვნული დამოუკიდებლობის მქონე სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა, მისი, როგორც გარანტის ფუნქცია, მაგალითისთვის, იქნებოდა ეროვნული დამოუკიდებლობის ცოტა უფრო აქტიურად დაცვა. თუ ჩათვლიდა საჭიროდ. ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუცია ამას ცალსახად ავალებს და ეს წერია მკაფიოდ“, – განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, წულუკიანმა.

მან აღნიშნა, რომ "სალომე ზურაბიშვილი აქტიურად იცავს უცხო ქვეყნის ელჩს და ისურვებდა, რომ თუნდაც იმის ნახევარი მონდომებით დაიცვას საქართველოს ელჩები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავენ".

ამასთან, წულუკიანმა დავით ბაქრაძეს მადლობა გადაუხადა:

"მე, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მინისტრი აწ უკვე კულტურისა და სპორტის და ვიცე-პრემიერი, მადლობას ვუხდი დავით ბაქრაძეს, მაღალ შეფასებას ვაძლევ მის ელჩად საქმიანობას. აქვე ცოტა უფრო პერსონალურ ნოტაზე დავძენ, რომ როდესაც იუსტიციის სამინისტროს მიჰყავდა არა ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც გზა გაუხსნა ჩვენს ახალგაზრდებს ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების შეთანხმების მიზნით და შემდეგ, წლებთან ერთად ამ რეფორმების მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობდა მავანი, მათ შორის ვაშინგტონში დავით ბაქრაძე იყო სწორედ ის ელჩი, რომელიც ხელს უწყობდა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყნის შიგნით გატარებული რეფორმების უდიდესი მნიშვნელობის შესახებ ზუსტი, ადეკვატური, სამართლიანი ინფორმაცია მიეღოთ უცხოელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომაც მის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. რასაკვირველია, სრულიად დაუშვებელია კრიტიკა, რომელიც ჩვენ საქართველოს პრეზიდენტისგან მოვისმინეთ გუშინ საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლის, ელჩის, ბატონი დავით ბაქრაძისადმი. ეს არის დაუშვებელი, რადგან უსამართლობაა. საქართველოს პრეზიდენტი ერთი და იგივე გამოსვლაში იცავს, აქტიურად იცავს უცხო ქვეყნის ელჩს ჩვენს ქვეყანაში, ვისურვებდი, მან თუნდაც იმის ნახევარი მონდომებით დაიცვას ჩვენი ელჩები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან და იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“.

ცნობისთვის: 21 ივლისს სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ "სადღეისოდ რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს".

"მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, ბიჭვინთაში არის ვნებათაღელვა, ეს საქართველოს არ ეხება?"– განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მმართველი გუნდის რიგი ლიდერების განცხადებებიც წაიკითხა, რომლებიც მათ ევროპარლამენტარების მისამართით გააკეთეს.

"[ხელისუფლების მხრიდან] არის წარმოუდგენელი რიტორიკა. გვესმის გაუთავებლად თავდასხმები ევროპარლამენტარებზე… წაგიკითხავთ ირაკლი კობახიძის მიერ 20 მაისს გაკეთებულ განცხადებას: „ვიოლა ფონ კრამონი და 7 თუ 8 პარლამენტარი არიან კრიმინალების მფარველი ევროპელი პოლიტიკოსები“. ეს არ არის თავდასხმა? ეს კრიტიკა არ არის, ბრალდებაა, რომ კრიმინალების მფარველები არიან. წაგიკითხავთ მამუკა მდინარაძის მიერ 9 ივნისს გაკეთებულ განცხადებას: „10-ზე მეტი ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს“. მერე სხვები ამბობენ, რომ არასდროს უთქვამთ, რომ მეორე ფრონტის გახსნა სურთო. ამას ყველა ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში არის ვნებათაღელვა, საქართველოს არ ეხება?", – განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.

ამასთან, ზურაბიშვილმა აშშ–ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით ბაქრაძე გააკრიტიკა და განმარტა, რატომ არ მოაწერა ხელი ბაქრაძის ელჩად წარდგენას გაერო–ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S