
„ალიანსის წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის პაკეტის განხორციელებას"
07/10/2019 07:22:25 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, „ალიანსის წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის პაკეტის განხორციელებას".
ამის შესახებ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება ევროკავშირს, შტაინმაიერის თქმით, "ცოტა უფრო დიდხანს ვისაუბრეთ ამაზე, დიდხანს ვფიქრობთ ამაზე, რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს":
"ეს არის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" თანამშრომლობის ფორმატი. სიტუაცია, რომელიც ეხება ევროკავშირის შიდა საკითხებს, შიდა პრობლემებს, მაგალითად, ბიუჯეტის შემუშავებას. ერთი რამ შეიძლება ითქვას გადაჭრით, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა გარკვეულ სირთულეებს ქმნის ევროკავშირის სინამდვილეში. ევროკავშირი აგრძელებს მოლაპარაკებების პროცესს, როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, რაც უახლოესი თვეების განმავლობაში იქნება კიდევ ჩვენი წუხილი და დარდი, მაგრამ ძალიან კარგად მესმის, რა მოლოდინი არსებობს. გერმანია კვლავინდებურად აგრძელებს ევროკავშირის ბიუჯეტში გარკვეული თანხების მობილიზებას, რათა შენარჩუნდეს სტაბილურობა".
ცნობისთვის: საქართველოში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჩამოვიდა. გერმანიის პრეზიდენტს, რომელიც ბოლო დღეებში მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში უკრაინისთვის მომზადებული „ფორმულის» გამო მოექცა, საქართველოში მღელვარებით ელოდნენ. სწორედ ის ცდილობდა 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში დაძაბულობის შემცირებას და ამ მიზნით სოხუმშიც იყო ჩასული, ხოლო ომის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სარკოზი–მედვედევის 2008 წლის შეთანხმების აღსრულების მისაღწევად. 2008 წელს გერმანიის იმხანად საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების 3–ეტაპიანი გეგმა მოამზადა, თუმცა სოხუმში მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, 3 კვირაში კი ომი დაიწყო. „შტაინმაიერის ფორმულის“ დებულებებთან დაკავშირებით უკრაინაში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე გერმანელი პრეზიდენტის თბილისში ვიზიტი ზოგიერთი კომენტატორის მიერ საქართველოსთვის ანალოგიური „ფორმულის“ შესაქმნელად ნიადაგის მოსინჯვად აღიქმება.
იხილეთ ასევე: ამჯერად რისთვის ჩამოვიდა შტაინმაიერი