
შტაინმაიერი: "ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი"
07/10/2019 07:52:56 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი პრეს–კონფერენციის დროს განაცხადა.
„მჭიდრო თანამშრომლობა ახსენეთ ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოსა და გერმანიას შორის, მათ შორის ევროკავშირისა და ნატო-ს ფორმატი. თქვენ იცით, რომ გერმანია არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისა. ჩვენ გვაქვს საამაყოდ ინტენსიური თანამშრომლობა ამ ორი ორგანიზაციის ფარგლებში. ჩვენ ვაცნობიერებთ, თქვენც ხაზი გაუსვით ამას, რომ საქართველოს არ ჰყავს, მარტივად რომ ვთქვათ, ხელსაყრელი სამეზობლო, არ არის მარტივი გეოგრაფიული მდებარეობა. მე ხვალ თავად მივემგზავრები ადმინისტრაციული საზღვრისკენ. თქვენ ახსენეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი“,- განაცხადა შტაინმაიერმა.
ცნობისთვის: საქართველოში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჩამოვიდა. გერმანიის პრეზიდენტს, რომელიც ბოლო დღეებში მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში უკრაინისთვის მომზადებული „ფორმულის» გამო მოექცა, საქართველოში მღელვარებით ელოდნენ. სწორედ ის ცდილობდა 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში დაძაბულობის შემცირებას და ამ მიზნით სოხუმშიც იყო ჩასული, ხოლო ომის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სარკოზი–მედვედევის 2008 წლის შეთანხმების აღსრულების მისაღწევად. 2008 წელს გერმანიის იმხანად საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების 3–ეტაპიანი გეგმა მოამზადა, თუმცა სოხუმში მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, 3 კვირაში კი ომი დაიწყო. „შტაინმაიერის ფორმულის“ დებულებებთან დაკავშირებით უკრაინაში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე გერმანელი პრეზიდენტის თბილისში ვიზიტი ზოგიერთი კომენტატორის მიერ საქართველოსთვის ანალოგიური „ფორმულის“ შესაქმნელად ნიადაგის მოსინჯვად აღიქმება.
იხილეთ ასევე: ამჯერად რისთვის ჩამოვიდა შტაინმაიერი